ეკონომიკა

PMCG სამთო კურორტების მიმოხილვას ავრცელებს – ტურისტული მაჩვენებლები

Global Goose

PMCG 2021 წლის იანვრის ყოველთვიურ მიმოხილვას ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის იანვარში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.5%-ით შემცირდა. მათ შორის, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 93.6%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 91.9%-ით.

მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სამთო-სათხილამურო კურორტებსაც. კვლევაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთის კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2014-2015 წლების სეზონიდან 2018-2019 წლების სეზონამდე  ყოველწლიურად, საშუალოდ, 21%-ით იზრდებოდა, მაგრამ 2020-2021 წლების ზამთრის სეზონი ეპიდემიური მდგომარეობის გამო სრულად გაუქმდა. 

საქართველოს სათხილამურო კურორტებიდან, გუდაურს ვიზიტორების მთელ რაოდენობაში 67%-იანი წილი უკავია. ბაკურიანს – 26%, დარჩენილი 7% კი სამ, შედარებით ახალ სათხილამურო კურორტზე ნაწილდება – გოდერძიზე აჭარაში და ჰაწვალსა და თეთნულდზე მესტიაში.

2014–2019 წლებში ვიზიტორებზე მეტად იზრდებოდა თითო სათხილამურო დღეზე გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები. კერძოდ, ამ პერიოდში, თითო სათხილამურო დღეზე მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად საშუალოდ 33%-ით იზრდებოდა.

იანვარში შემცირდა სასტუმროების ფასების ინდექსიც. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 18.5%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროებისა – 20.7%-ით.

აბსოლუტურ რიცხვებში, 2021 წლის იანვარში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 118 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროებისამ  - 188 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა – 72 ლარი.

კომენტარები