მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

ჯეფ ბეზოსი კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია

Getty Images

Spacex-ის და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა. უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში მასკს, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა გაასწრო. საუბარია გამოცემა Bloomberg-ის მიერ წარმოებულ მილიარდერთა ინდექსზე. 

გუშინდელი სავაჭრო დღის დასრულების შედეგად, მასკის ქონება 4.5 მილიარდი დოლარით შემცირდა და ჯამურად 190 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, იმავე დროში ბეზოსის ქონება მხოლოდ 390 მილიონი დოლარით შემცირდა და ჯამურად 191 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

სიის მესამე ადგილს 137 მილიარდს კვლავაც Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზე ფრანგული პრემიუმ ბრენდების ჰოლდინგის LVMH-ის მფლობელი, ბერნარ არნოა. 

მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი პირველად მიმდინარე წლის 7 იანვარს გახდა, როდესაც მისი ქონება ერთ დღეში 9 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ჯამურად 185 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. შემდეგი სამი დღის განმავლობაში მასკის ქონების მოცულობამ 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. თავის მხრივ, ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიციას 2017 წლიდან მოყოლებული იკავებდა.

ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში ილონ მასკის ქონება 27 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული და ბიზნესმენი უმდიდრესი ადამიანების პირველ 50-ეულშიც იშვიათად შედიოდა, თუმცა გასულ წელს Tesla-ს მიერ ნაჩვენები კარგი ფინანსური მაჩვენებლების გამო კომპანიის აქციების ფასი 743%-ით გაიზარდა, რამაც მასკის აქტივების ღირებულების სწრაფი ზრდა განაპირობა.

კომენტარები