საფრანგეთი

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ სეკულარული ღირებულებების დაცვის კანონი დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ სეკულარული ღირებულებების დაცვის კანონპროექტს, რომელიც ისლამისტური ექსტრემიზმის და სეპარატიზმის წინააღმდეგაა მიმართული, მხარი დაუჭირა. მომხრე იყო 347 დეპუტატი, წინააღმდეგი 151. 65-მა კანონმდებელმა თავი შეიკავა. ახლა კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის ზედა პალატას, სენატს გადაეცემა.

კანონი გააფართოებს ქვეყნის მთავრობის უფლებებს, დახუროს რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც შემჩნეული იქნებიან ძალადობის ან სიძულვილის გაღვივებისაკენ მიმართული იდეებისა და თეორიების გავრცელებაში.

კანონი ყველა გაერთიანებას დაავალდებულებს, წერილობით დაადასტურონ, რომ დაიცავენ რესპუბლიკის ლიბერალურ ღირებულებებს, რათა სახელმწიფოსაგან დახმარების მიღება შეძლონ. ისინი ასევე ვალდებული იქნებიან, დეკლარაციებში ასახონ 10 000 ევროზე მეტი დონაციები და ჰქონდეს სერტიფიცირებული ანგარიშები.

ახალი კანონის მიხედვით, დაჯარიმდებიან ან პატიმრობა დაემუქრებათ იმ ექიმებს, რომლებიც ქალებს ე.წ. "ქალიშვილობის ტესტს" ჩაუტარებენ.

გამკაცრდება აკრძალვა პოლიგამიაზე. მსგავს აპლიკანტებს საფრანგეთში ცხოვრების უფლებას არ მისცემენ.

გარდა ამისა:

  • კანონი ამკაცრებს შეზღუდვებს ონლაინ სიძულვილის ენაზე და კრძალავს ინტერნეტის გამოყენებას სხვა ადამიანების პირადი ინფორმაციის ბოროტი განზრახვით გავრცელებას.
  • კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია რეგულაციების გამკაცრება ბავშვებისათვის სკოლის გარეთ განათლების მიცემაზე. აიკრძალება საიდუმლო სკოლები, რომლებიც ისლამისტური იდეოლოგიის გავრცელებას ემსახურება.
  • ქორწინებისას ოფიციალური დოკუმენტის გაცემამდე წყვილს ცალ-ცალკე ინტერვიუს ჩაუტარებენ, რათა აღიკვეთოს იძულებით ქორწინების შემთხვევები.
  • აკრძალვა, რომელიც მოქმედებს ოფიციალურ პირებზე და მათ სამსახურში რელიგიური ატრიბუტებით გამოცხადებას უკრძალავს, გავრცელდება ტრანსპორტის, მაღაზიების და საცურაო აუზების თანამშრომლებზე.

კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კანონი მუსლიმების წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ეს კანონი მუსლიმებს რადიკალების ზეწოლისაგან დაიცავს. ის ირწმუნება, რომ კანონი მიმართული არ არის რელიგიების, კონკრეტულად კი ისლამის წინააღმდეგ.

კანონს თავდაპირველად ერქვა "ანტისეპარატისტული" კანონი. ამ ტერმინს მაკრონი იმის აღანიშნავად იყენებდა, რომ რადიკალი ისლამისტები საზოგადოებისგან განდგომას ცდილობდნენ. კრიტიკის შემდეგ სახელი შეცვალეს და ახლა მას ჰქვია "კანონი რესპუბლიკური ღირებულებების გასაძლიერებლად", რაშიც სეკულარიზმი და გამოხატვის თავისუფლება მოიაზრება.

კანონი რამდენიმე თვეა, არსებობს, თუმცა ის დღის წესრიგში განსაკუთრებით მას შემდეგ დადგა, რაც 17 ოქტომბერს პარიზში ისლამისტმა თავდამსხმელმა მასწავლებელს თავი მოჰკვეთა. მსხვერპლი ისტორიის მასწავლებელი იყო, რომელმაც საკლასო ოთახში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

29 ოქტომბერს კი ტუნისელი კაცი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მყოფ პირებს დანით დაესხა თავს და 3 ადამიანი მოკლა.

საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტმა კანონპროექტს მხარი 10 დეკემბერს დაუჭირა.

კომენტარები