ნიკა მელიას საქმე

"სამართლებრივი პროცედურები არ აინტერესებთ" – მელიას ადვოკატები პარლამენტში არ შეუშვეს

მთავარი/კადრი ვიდეოდან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები პარლამენტში არ შეუშვეს. როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, მათი არშეშვება დემონსტრირებაა, რომ "სამართლებრივი პროცედურები არ აინტერესებთ."

"ეს არის იმის დემონსტრირება და გაგრძელება, როდესაც პროკურატურის შეამდგომლობამდე და მიმართვამდე უკვე უმრავლესობა აცხადებდა, რომ იმუნიტეტს მოუხსნიდნენ მელიას - იქნებ არ მიმართავდა პროკურატურა? წინასწარ დაიდგა სცენა, რომელიც გასულია სამართლებრივ ჩარჩოებს მიღმა". - ეუბნება ბექა ბასილაია მთავარს.  

ნიკა მელიას შეფასებით კი მისი ადვოკატები სხდომაზე არ შეუშვეს, რადგან "არ უნდათ, ხალხმა სიმართლე გაიგოს."

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კი ამბობს, რომ მათ მონაწილეობასთან დაკავშირებით ადვოკატების მიმართვა არ მიუღიათ და "ჩვენ სასამართლო აქ არ ვართ."

"ოფიციალურად, კომიტეტს არანაირი მომართვა არ მიგვიღია ვინმეს მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის შემდგომ გახდა ცნობილი, მგონი, მოსულებიც იყვნენ. ოფიციალური მომართვა კომიტეტში არ შემოსულა, რომ ვინმეს ჰქონდა დასწრების სურვილი. 

მეორე, ჩვენ სასამართლო აქ არ ვართ და შეუძლია კომიტეტს, იმსჯელოს ამ საკითხზეც, რომ ჩვენ დაცვის და ბრალდების მხარეებს მოვუსმინოთ, შემდგომ შევიდეთ სიღრმეში და შემდგომ საქმის მასალები მოვითხოვოთ. ეს გამოიწვევდა სასამართლოს კომპეტენციაში შეჭრას. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი უფლებამოსილება". - თქვა ოხანაშვილმა.   

ნიკა მელიასთვის მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე დღეს, 16 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებზე იმსჯელებენ. პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება - აქტივისტებმა სირცხვილის კორიდორები გააკეთეს, "ოცნების" დეპუტატები პარლამენტში შეძახილების ფონზე შევიდნენ. 

ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნას მხარს დაუჭერს


მას შემდეგ, რაც პროკურატურის მიერ მელიასთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა ამოიწურა და მან გირაოს თანხა არ გადაიხადა, უწყებამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა.

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები