ეკონომიკა

4.84 ლარი: ხაჭაპურის ინდექსი ისევ იზრდება

Flickr

2021 წლის იანვარში ხაჭაპურის გამოცხობა, საშუალოდ, 4.84 ლარი დაგიჯდებათ. 

ISET–PI-ის მიერ გაანგარიშებული ხაჭაპურის ინდექსი ეროვნული კერძის, იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებას წარმოადგენს და ყოველთვიურად ქვეყნდება. 

ინსტიტუტის მიხედვით, ხაჭაპურის მომზადება წინა თვესთან(დეკემბერი) შედარებით 3.5%-ით იაფი დაგიჯდებათ, მაგრამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინგრედიენტების ფასი 12.6%-ითაა გაზრდილი. 

ხაჭაპურის გამოცხობის ხარჯის 12.6%-იანი ზრდა შემდეგი პროდუქტების გაძვირებამ გამოიწვია:

  • ფქვილი – 19.3%
  • ყველი – 18.3%
  • საფუარი – 14.5%
  • კარაქი – 12.8%
  • რძე – 7.2%

ინსტიტუტის მიხედვით, წლის ამ დროს, ახალი რძის მიწოდება სეზონურობიდან გამომდინარე მცირდება, რასაც პროდუქტის იმპორტირებული ფხვნილით ჩანაცვლება მოსდევს. იმპორტული პროდუქტის გაძვირება კი პირდაპირპროპორციულ კავშირშია ქართული ვალუტის გაუფასურებასთან. 

ფასების გაძვირებაზე მიუთითებს საქსტატის მიერ გაანგარიშებული სამომხმარებლო ფასების ინდექსიც, რომლის მიხედვითაც, წინა წელთან შედარებით, საყოველთაო პროდუქციაზე ფასები 6.4%-ითაა გაზრდილი. 

კომენტარები