ალექსეი ნავალნის საქმე

პუტინი დასავლეთს ნავალნის რუსეთის "შეკავებისთვის" გამოყენებაში ადანაშაულებს

ვლადიმირ პუტინი
kremlin.ru

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთი დაპატიმრებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის რუსეთის "შეკავებისთვის" გამოყენებაში დაადანაშაულა.

"ჩვენი ოპონენტები ან პოტენციური ოპონენტები ყოველთვის ეყრდნობოდნენ და იყენებდნენ ამბიციურ, ძალაუფლებასმოწყურებულ ადამიანებს." – თქვა ვლადიმირ პუტინმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

რუსეთი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში რუსეთში გამართულ საპროტესტო აქციებშიც უცხოური ინტერესები იკვეთება. პუტინის თქმით, რუსეთის "უამრავი წარმატება" სამხედრო დონეზე, პანდემიასთან გამკლავებაში მიღწეული წარმატება, Sputnik V ვაქცინის შემუშავება "აღიზიანებთ" მოსკოვის ოპონენტებს.

"რაც უფრო ვძლიერდებით, ძლიერდება შეკავების პოლიტიკაც." – თქვა პუტინმა. 

ალექსეი ნავალნის დაკავებასა და სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საერთაშორისო ინტერესი რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც არაერთხელ გააკრიტიკეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესზე დასავლელი დიპლომატების მისვლა "უკვე მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეში ჩარევა აღარაა, ესაა მხილება რუსეთის შეკავების მცდელობებში დასავლეთის კოლექტიური უკანონო როლისა". ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესს 20-მდე ქვეყნის დიპლომატი ესწრებოდა.

რუსეთმა ასევე დაადანაშაულა დასავლეთი ნავალნის მხარდამჭერი აქციების წაქეზებაში. პესკოვმა მოსკოვში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ გაფრთხილებას, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებდა, თავი აერიდებინათ დემონსტრაციებისათვის, "რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევა" უწოდა. აქციების მიმდინარეობისას საელჩოს სპიკერმა, რებეკა როსმა Twitter-ზე დაწერა, რომ აშშ მხარს უჭერს მშვიდობიანი პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს და რუსეთის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ უფლებების ჩახშობას ემსახურება. პესკოვის თქმით, ეს კომენტარები "მიუღებელია".

ნავალნის დაკავების შემდეგ სერგეი ლავროვი პოლიტიკოსის გათავისუფლების მოწოდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასავლეთში ნავალნიზე საუბრით ლიბერალიზმის კრიზისიდან ყურადღების გადატანა სურთ.


ალექსეი ნავალნის 2 თებერვალს 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

პოლიტიკოსი რუსეთში დაბრუნებისთანავე, 17 იანვარს დააკავეს. "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას თავდაპირველად 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

ოპოზიციონერის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციებზე რუსეთის 100 ქალაქში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

2020 წლის ბოლოს, როდესაც ნავალნი გერმანიაში იყო და "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ნავალნი ინსპექციის კონტროლს თავს არიდებდა და, შესაბამისად, "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადის პირობებს არღვევდა. სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალურ პატიმრობად შეცვლა მოითხოვა.

 

კომენტარები