რუსეთი

რუსეთი ნავალნის მხარდამჭერი აქციების წაქეზებაში დასავლეთს ადანაშაულებს

Reuters

რუსეთი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციების წაქეზებაში დასავლეთს ადანაშაულებს. 100-მდე ქალაქში, აკრძალვის მიუხედავად, ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. დამოუკიდებელი დამკვირვებლების ინფორმაციით, დააკავეს 3 500-ზე მეტი მომიტინგე.

მიუხედავად ამისა, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აქციებზე "რამდენიმე" ადამიანი გამოვიდა და პუტინის მხარდამჭერ აქციებზე ბევრად მეტი დადის.

პესკოვმა მოსკოვში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ გაფრთხილებას, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებდა, თავი აერიდებინათ დემონსტრაციებისათვის, "რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევა" უწოდა. აქციების მიმდინარეობისას საელჩოს სპიკერმა, რებეკა როსმა Twitter-ზე დაწერა, რომ აშშ მხარს უჭერს მშვიდობიანი პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს და რუსეთის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ უფლებების ჩახშობას ემსახურება. პესკოვის თქმით, ეს კომენტარები "მიუღებელია".

"რა თქმა უნდა, ეს განცხადებები მიუღებელია და, რა თქმა უნდა, არაპირდაპირ, ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევაა". – თქვა მან.

ბაიდენის ადმინისტრაციაში რუსეთს მოუწოდეს, გაათავისუფლოს დაკავებულები.

პარალელურად, განცხადებები გაავრცელეს დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და კრიტიკა დაგმეს. მათ შორის იყო დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩო. მათ განცხადებაში ნათქვამია:

"ფარისევლები აგრძელებენ ნავალნის ცრუ საქმის გაბუქებას, რათა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიონ. ეს პროფესიონალურად მომზადებული პროვოკაციაა, რომელსაც დასავლეთის ქვეყნების საელჩოები აქეზებენ, მათ შორის მოსკოვში აშშ-ს საელჩო".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ კი დასავლური კრიტიკა დასავლურ აზროვნებაში არსებულ კრიზისს დააბრალა:

"ეს არის დასავლურ აზროვნებაში, ფსევდო-დემოკრატიასა და ფსევდო-ლიბერალიზმში არსებული ღრმა კრიზისის შედეგი". - თქვა მან.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 25 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ რუსეთში მიმდინარე დაკავებების გამო სანქციების გამკაცრების მოთხოვნას, რომელიც ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ წამოაყენეს. ნავალნის დაკავების გამო რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გამკაცრებას ემხრობა პოლონეთის პრეზიდენტიც. მას მიაჩნია, რომ თუ ნავალნის მომავალ თვემდე არ გაათავისუფლებენ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსეთში ვიზიტის გეგმები უნდა გააუქმოს.


23 იანვარს რუსეთში გაიმართა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები "თავისუფლება ნავალნის". რუსეთში ბოლო წლებში ეს ყველაზე მასშტაბური აქციები იყო. პროტესტს ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით ადამიანი შეუერთდა. ნავალნის შტაბი აქციის ჩატარებას 93 ქალაქში გეგმავდა. აქციები ასევე გაიმართა საზღვარგარეთ: ავსტრალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.

მოსკოვში დააკავეს ნავალნის ცოლი, იულია ნავალნია და პოლიტიკოსის თანამებრძოლი, ლიუბოვ სობოლი. 

ნავალნის მხარდამჭერები ერთი კვირის შემდეგ ახალი აქციების გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ განაცხადა ნავალნის რეგიონალური შტაბების კოორდინატორმა ლეონიდ ვოლკოვმა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვლას დაიწყება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორცმისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი მიერ ჩატარებული გამოძიება პუტინის ფარულ ქონებაზე.

კომენტარები