ნიკა მელიას საქმე

POG: მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლაზე თანხმობისთვის პარლამენტს მივმართეთ

ტაბულა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართეს.

"საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის გაცემის თაობაზე პარლამენტს მიმართა." - წერია უწყების განცხადებაში. 

საქართველოს პროკურატურის მიერ მელიასთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა ამოიწურა - ნიკა მელიამ გირაოს თანხა არ გადაიხადა. 

"სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.

[...] უფრო მკაცრმა აღკვეთის ღონისძიებამ, რომლის მიზანი იყო, ბრალდებულს დაეცვა საქართველოს კანონმდებლობის და სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძიების მიზნები - ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საჯაროდ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე. ამ ვითარებაში, გირაოს შემდგომი გამოყენება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია". - წერია განცხადებაში.

პროკურატურის განცხადების მიხედვით,  სასამართლოსათვის გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობით მიმართვა "ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია".

"გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდაზე უარის თქმა, ბუნებრივად აჩენს მოლოდინს, რომ გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობის გამოყენება ვერ ჩაითვლება ადეკვატურ, ლოგიკურ და პროპორციულ ღონისძიებად. შესაბამისად, ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, არის პატიმრობა". - წერს პროკურატურა.

პროკურატურის ინფორმაციით, პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, სასამართლოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობით შეცვლის თაობაზე მიმართავენ. 


ქართული ოცნების ლიდერებმა თქვეს, რომ ნიკა მელია დაკისრებულ გირაოს გადაიხდის. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ნიკა მელიამ, შესაძლოა, თავად არ გადაიხადოს გირაოს თანხა, მაგრამ "მისი მეგობრები" გადაიხდიან. მელიამ  საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს ბანკს მიმართა და თქვა, რომ, თუ საბანკო ანგარიშზე მის სასარგებლოდ გირაოს თანხის დაფარვა მისი უფლებებისა და კანონის დარღვევა იქნება.

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.


20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები