14 წლის მოზარდის საქმე

14 წლის გოგოს დედა: რას ნიშნავს, თავისი დანაშაული გამოისყიდა?! საქმის ბოლომდე მიყვანა მინდა

კადრი ვიდეოდან/მთავარი

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა მისი ბაბუის სიტყვებს პასუხობს. როგორც კაცი ამბობს, მან თვითმკვლელობით  "დანაშაული გამოისყიდა." 

"მე ამ საქმის ბოლომდე მიყვანა მინდა. ჩემი შვილი თავისით თავს არ ჩამოიხრჩობდა. სანამ ბავშვი თავს ჩამოიხრჩობდა, 2 დღით ადრე ველაპარაკე - მითხრა, სოცმუშაკმა მითხრა, დედაშენმა მოწვევა გაგიკეთოს თურქეთიდან და დედასთან წახვალო. უხაროდა, ბედნიერი იყო...

[...] ბავშვმა თავის მოკვლით თავისი დანაშაული გამოისყიდაო. თავისი დანაშაული გამოისყიდა რას ნიშნავს?! ვერ გამიგია. 13 წლის ბავშვი რატომ მიიყვანეს იმ დონეზე, რომ სახლიდან გაქცეულიყო?". - ამბობს ის მთავართან ინტერვიუში.

გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ბაბუამ ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ "ბავშვმა მოიკლა თავი, მისი დანაშაული გამოისყიდა მან და ვსო, დამთავრდა. [რა დანაშაული?] დანაშაული, რომ გაუპატიურებული იყო ბავშვი." 

ბავშვის დედა ყვება, რომ მას შემდეგ, რაც ძალადობის შესახებ გაიგეს, ბიძებმა 14 წლის გოგოს უმოწყალოდ სცემეს. 


14 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 წლის კაცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც 10 თებერვალს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანმა თავის სახლში თავი მოიკლა. 

მოზარდი გარდაცვლილი პირველად ბაბუამ ნახა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ მის შვილიშვილზე ორჯერ იძალადეს — თავდაპირველად, 2020 წლის ზაფხულში, შემდეგ კი აქედან 6 თვეში, 2020 წლის დეკემბერში. კაცი ამბობს, რომ განმეორებითი ძალადობის შემდეგ პოლიციაში დარეკეს და მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული ექსპერტიზის მეორე ცნობა მათთან არ მისულა, რამაც, მისი თქმით, მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

კომენტარები