14 წლის მოზარდის საქმე

გომელაური 14 წლის გოგოს საქმეზე: ჩვენ რაც გვევალებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"ჩვენ რაც გვევალებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ".- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. 

მისი თქმით, უწყებამ ყველაფერი გააკეთა, რისი "შესაძლებლობაც კანონმა მისცა".

"ეს ძალიან მძიმე ფაქტია, როცა ახალგაზრდა ადამიანმა, ბავშვმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ჩვენ, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რისი შესაძლებლობაც კანონმა მოგვცა, ჩაგვეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები და ა.შ. ჩვენ რაც გვევალებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ".- ამბობს გომელაური.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა დადგეს საგამოძიებო ორგანოებიდან ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხობს, რომ, თუ ვინმეს გამოძიებასთან პრეტენზია ექნება, შეუძლია იჩივლოს. 

"ვისი საკითხი დადგება - არ დადგება, ასე ინტერპრეტაციას ნუ აკეთებთ. თუ იქნება რამე პრეტენზია, ეს იქნება ოჯახი თუ რამე სხვა. შეუძლია, შეიტანოს საჩივარი".- ამბობს გომელაური.  


14 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 წლის კაცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც 10 თებერვალს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანმა თავის სახლში თავი მოიკლა. 

მოზარდი გარდაცვლილი პირველად ბაბუამ ნახა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ მის შვილიშვილზე ორჯერ იძალადეს — თავდაპირველად, 2020 წლის ზაფხულში, შემდეგ კი აქედან 6 თვეში, 2020 წლის დეკემბერში. კაცი ამბობს, რომ განმეორებითი ძალადობის შემდეგ პოლიციაში დარეკეს და მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული ექსპერტიზის მეორე ცნობა მათთან არ მისულა, რამაც, მისი თქმით, მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

კომენტარები