ნიკა მელიას საქმე

მელია: გავრილოვის საქმეზე უკვე მსუყე მასალა გვაქვს სტრასბურგში გასაგზავნად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია წერს Facebook-ზე, მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის შესახებ.

 მელიას თქმით, პრინციპულმა პოზიციამ გირაოს არ გადახდასთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას წონასწორობა დააკარგვინა, ხოლო მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე პროკურორის მაგივრად ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მიერ გამართული ბრიფინგი პოლიტიკური დევნის დასტურია.

"პრინციპულმა პოზიციამ გირაოს არ გადახდასთან დაკავშირებით, დააკარგვინა წონასწორობა ქართულ ოცნებას და აიჭრნენ. უკვე ღიად ჩარევასაც არ ერიდებიან და სისხლის სამართლის საქმეზე ბრიფინგს ატარებს არა უფლებამოსილი ორგანო - პროკურატურა, არამედ ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე. პროკურატურის ნაცვლად ლაპარაკობს მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე - თუ ვინმეს კიდევ ეპარებოდა ეჭვი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ამ ბრიფინგის შემდეგ ნამდვილად აღარ შეეპარება . რაღა დაგიმალოთ და გავრილოვის საქმეზე უკვე მსუყე მასალა გვაქვს სტრასბურგში გასაგზავნად. მოკლედ, ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა - მოგიწევთ იმის გამოცხადება, რას აპირებთ!". – წერს მელია
 

 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

პროკურატურამ გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

 

 

კომენტარები