ნიკა მელიას საქმე

მელია: თუ ვინმე ჩემს მაგივრად გადაიხდის გირაოს, ეს იქნება ხელისუფლების ბინძური მაქინაცია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე ნიკა მელია Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს, სადაც კიდევ ერთხელ ამბობს, რომ პროკურატურის მიერ მისთვის 70 000 ლარამდე გაზრდილ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს, ხოლო მისი თქმით, თუ ვინმე მის მაგივრად გადაიხდის, ეს იქნება ხელისუფლებისა და პროკურატურის მორიგი ბინძური მაქინაცია.

მელიას თქმით, გირაოს გადახდისთვის, საბანკო ანგარიშის გარდა, აუცილებელია სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც მას და მის ადვოკატს არ მოუთხოვიათ და არც მიუღიათ.

"გირაოს გადახდისთვის საბანკო ანგარიშის გარდა აუცილებელია სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელსაც გასცემს პროკურატურა მხოლოდ ბრალდებულზე, ან მის ადვოკატზე. არც მე, არც ჩემს ადვოკატს არანაირი ასეთი კოდი არ მოგვითხოვია და არც მოუციათ და შესაბამისად, თუკი ვინმე ჩემს მაგივრად გადაიხდის გირაოს თანხას, წინასწარ ვაცხადებ, ეს იქნება პროკურატურის და ამ ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია". – წერს მელია

 


პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდასა და სხვა შეზღუდვების მოხსნას ითხოვდა. უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

"მთავარია, შენს თავს არ უღალატო და თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც არ ვუღალატებთ და მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია და ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიქნები თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს". – თქვა მაშინ ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია.

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

2020 წლის 3 ნოემბერს, სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას გირაო 70 000 ლარამდე გაუზარდა და სხვა შეზღუდვები მოუხსნა.

ამასთან ერთად, ნიკა მელიას აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო ორგანოებისთვის შეტყობინების გარეშე.

2021 წლის 4 თებერვალს, პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიამ გირაო, 40 000 ლარი განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა. უწყების ცნობით, მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიან ვადას მისცემენ და "განემარტება, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ეკვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე".

 


 

კომენტარები