რუსული ოკუპაცია

მურატ ჯიოევი გახელაძეზე: ყველაზე მსუბუქი სასჯელი დააკისრეს

მურატ ჯიოევი
გოგა აფციაური/რადიო თავისუფლება

ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევი, რუსი სამხედროების მიერ გატაცებულ და უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძეზე ამბობს, რომ ცხინვალის ე.წ. სასამართლომ "ყველაზე მსუბუქი სასჯელი" დააკისრა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ეხო კავკაზა ავრცელებს. ჯიოევი აცხადებს, რომ გახელაძის საქმეს პოლიტიკური პროპაგანდისთვის იყენებს ქართული მხარე. 

"ქართული მხარე გახელაძეს პროპაგანდისა და ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებისთვის იყენებს. საერთაშორისო ორგანიზაციები სამხრეთ ოსეთს ყოველ ჯერზე მოუწოდებენ მეტი ჰუმანურობისკენ. საქმეს ჰუმანიტარული კუთხით უდგებიან, თუმცა, რატომღაც ყველას ავიწყდება ეს პრინციპულობა და ჰუმანიზმი, როცა 2008 წლის ომში დაკარგულ ახალგაზრდებს ეხება საქმე. თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაადასტურეს, რომ ისინი საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ხელში მოხვდნენ და მათი კვალი დაიკარგა". – ამბობს ჯიოევი. 


ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მათივე ცნობით, ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა. 

5 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა გახელაძის მხარდასაჭერი აქცია გამართეს და სახელმწიფოს უმოქმედობა გააპროტესტეს.

 

კომენტარები