რუსული ოკუპაცია

PACE: მოვითხოვთ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის მომხსენებლებმა – ტიტუს კორლატენმა და კლოდ კერნმა ცხინვალის ე.წ სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის უკანონოდ პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოხატეს.

"ეს არის უკანონო სასამართლოს უკანონო განაჩენი. მოვითხოვთ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. გვსურს, ხაზი გავუსვათ რუსეთის, როგორც საქართველოს რეგიონზე სამხრეთ ოსეთზე, კონტროლის მქონე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, როგორც ეს დაადასტურა ევროპის ადამიანთა უფლებათა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვარს". – ამბობენ მომხსენებლები.

თანამომხსენებლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.


ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მათივე ცნობით, ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა. 

5 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა გახელაძის მხარდასაჭერი აქცია გამართეს და სახელმწიფოს უმოქმედობა გააპროტესტეს.

კომენტარები