გაბუნია ლელოს მოთხოვნაზე: COVID-19-ის ვაქცინაზე შეთანხმებების ნაწილი კონფიდენციალურია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ლელოს მოთხოვნას პასუხობს და ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დადგენილი წესი, რომლითაც გასცემს საჯარო ინფორმაციას. 

თუმცა, თამარ გაბუნიასვე განმარტებით, Covax-თან, ისევე, როგორც სხვა მწარმოებლებთან შეთანხმებების ნაწილი კონფიდენციალურია და მის გასაჯაროებას სამინისტრო არ აპირებს. 

"ინფორმაციის ნაწილი, რომელიც ჩვენ Covax-ის ხელშეკრულების ფარგლებში, ისევე, როგორც მწარმოებლებთან შეთანხმებით გვაქვს, არის კონფიდენციალური, გაუთქმელობის ხელშეკრულების პირობებში. ის, რაც საჯარო ინფორმაციაა, ამას ჯანდაცვის სამინისტრო, ზოგადად, გაუზიარებს ყველა დაინტერესებულ მხარეს". – თქვა თამარ გაბუნიამ. 

9 თებერვალს პარტია ლელოს ერთერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, გასააჯაროვოს Covid-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებული ყველა საჯარო მიმოწერა. მისივე თქმით, თუკი ხელისუფლება ამ ინფორმაციის დამალვას შეეცდება, პარტია სამართლებრივ გზებს მიმართავს. ამის პასუხად, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ "ყველას შეუძლია, სამართლებრივი გზით მოიპოვოს ინფორმაცია". 


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანამ, 30 იანვარს მიიღო დასტური, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მივიღებთ. გაბუნიას თქმით, პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება და ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კლინიკებში ჩატარდება.

ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური დაფარვის პლატფორმის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 186 000 დოზა აქვს შეძენილი, რაც მოსახლეობის მხოლოდ 5%-ისთვის იქნება საკმარისი. 

რას ითვალისწინებს საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის გეგმა, ვის როდის შეეძლება აცრა მთავრობის გეგმის მიხედვით და სად იქნება ეს შესაძლებელი - წაიკითხეთ აქ 

კომენტარები