მე-10 მოწვევის პარლამენტი

კობახიძე: 3 პოლიტიკური პარტია უკვე არის პარლამენტში, ოპოზიციის საბოტაჟმა აზრი დაკარგა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის საბოტაჟმა აზრი დაკარგა, რადგან პარლამენტში უკვე სამი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი. 

ამის შესახებ კობახიძემ იმედის კვირასთან ინტერვიუში თქვა.  

მისივე თქმით, თუ ვინმეს პარლამენტში შემოსვლის სურვილი გაუჩნდება, მზად არიან, დაელაპარაკონ, თუმცა, როგორც კობახიძე ამბობს, ახლა მმართველი გუნდი საპარლამენტო დღის წესრიგზეა კონცენტრირებული. 

"ჩვენ რაღაც ეტაპამდე გვქონდა სერიოზული კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, მაქსიმალურად ვცდილობდით დაგვერწმუნებინა პარლამენტში შემოსვლის მიზანშეწონილობაში და ეს მოვახერხეთ კიდეც ორი პოლიტიკური პარტიის შემთხვევაში. 

თუ ვინმეს გაუჩნდება პარლამენტში შემოსვლის სურვილი,რა თქმა უნდა, შეიძლება დაველაპარაკოთ და თუ რაიმე იქნება ჩვენგან შესათავაზებელი, რაციონალური, ამაზეც უკან არ დავიხევთ. 

დღეიდან ჩვენ ვართ აბსოლუტურად კონცენტრირებული ჩვენს დღის წესრიგზე. 3 პოლიტიკური პარტია არის უკვე წარმოდგენილი პარლამენტში, 150 დეპუტატით არის სამართლებრივად წარმოდგენილი პარლამენტი, შესაბამისად, ჩანს, რომ საბოტაჟმა დაკარგა აზრი". - ამბობს კობახიძე. 


ოპოზიციის ძირითადი ნაწილი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ გაყალბებისა და დაშინების ფონზე, არჩევნები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. 

ოპოზიციური პარტიები მმართველი გუნდისგან მოითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო კოდექსის რეფორმირებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ამ მიზნით ოპოზიციურმა პარტიებმა, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, ხელისუფლებასთან დიალოგის ოთხი რაუნდი გამართეს, თუმცა, არცერთ ამ შემთხვევაში არსებითი შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. 

ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის შედგება და შედგება თუ არა მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი. 

კომენტარები