რუსეთი

რუსი სტუდენტები ყვებიან, რომ პუტინის მხარდამჭერ ფლეშმობზე მოტყუებით მიიწვიეს [Video]

მოსკოვის ორი უმაღლესი სასწავლებლის - ტიმირიაზევის აკადემიისა და მოსკოვის სახელმწიფო იურიდიული უნივერსიტეტის სტუდენტები ყვებიან, რომ ისინი მოტყუებით მიიწვიეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ ფლეშმობზე. ამის შესახებ ინფორმაცია სტუდენტურმა გამოცემამ Doxa-მ გაავრცელა.

ტიმირიაზევის აკადემიის სტუდენტებს უთხრეს, რომ ფლეშმობი რუსეთის დროშას ეძღვნებოდა, ხოლო მოსკოვის იურიდიული უნივერსიტეტის სტუდენტებს უთხრეს, რომ ღონისძიება რუსეთის, როგორც კოვიდთან ბრძოლაში ლიდერის, მხარდაჭერისთვის იმართებოდა. ფლეშმობის გადაღებებში მონაწილეობისთვის სტუდენტებს სახელმწიფო დუმაში მიწვევას და მადლობის წერილების გადაცემას დაჰპირდნენ.

ფლეშმობი მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში ჩატარდა. სასტუმროში მისულ სტუდენტებს სთხოვეს შემდეგი ტექსტის სკანდირება: "პრეზიდენტი ერთი გვყავს, ერთად ყველას დავამარცხებთ. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ჩვენ თქვენთან ვართ! პუტინი ჩვენი პრეზიდენტია!"

Telegram-არხის Белгород № 1-ის ინფორმაციით, მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ბელგოროდის ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. ისინი სააქტო დარბაზში შეკრიბეს და სთხოვეს რუსეთის დროშებით ეცეკვათ. სტუდენტებს უთხრეს, რომ ვიდეოს სამშობლოს დამცველის დღისთვის პატრიოტული კლიპისთვის იღებდნენ. მოგვიანებით ეს ვიდეო ადგილობრივი დეპუტატების ინსტაგრამ გვერდზე გამოჩნდა. კლიპში ისმის პრეზიდენტის მხარდამჭერი ლოზუნგები. სტუდენტების თქმით, მათ მსგავსი ლოზუნგები არ წარმოუთქვამთ და ხმა ვიდეოს მონტაჟის დროს დაადეს.

კომენტარები