რუსული ოკუპაცია

გახელაძის ცოლი: ადვოკატს ვესაუბრე, ზაზა იმედს არ კარგავს - მე მაინც დავბრუნდებიო

ირმა ბუთხუზი
მთავარი არხი

"ხელისუფლების ქმედებები რამდენად დაგვიანებულია არ ვიცი, შეიძლება ახლა გააქტიურდეს და გადამწყვეტ ფაზაში გადავიდეს". – ამბობს რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი ტელეკომპანია მთავარ არხთან. 

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ გახელაძის ადვოკატს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფ გახელაძეს მალე გათავისუფლების იმედი აქვს. 

"ზაზას ადვოკატს ვესაუბრე და დეტალები მხოლოდ ის იყო, რომ სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომელიც გასაჩივრებას ექვემდებარება. ეს უკვე ზაზაზეა დამოკიდებული, გაასაჩივრებს თუ არა..იმედს არ კარგავსო - მე მაინც დავბრუნდები, ბოლო სიტყვა ეს იყოო". – ამბობს ბუთხუზი. 

მან აქტივისტებს მადლობა გადაუხადა, რომლებიც ამ წუთებში გახელაძის მშობლიურ სოფელ ქვემო ჭალაში მხარდამჭერ აქციას მართავენ და საქართველოს ხელისუფლებას აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებენ. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მათივე ცნობით, ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა. 

5 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა გახელაძის მხარდასაჭერი აქცია გამართეს და სახელმწიფოს უმოქმედობა გააპროტესტეს.

 

კომენტარები