რუსული ოკუპაცია

მდინარაძე გახელაძეზე: სასჯელია, რუსეთმა სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე გაღიზიანება გამოხატა

პარლამენტი

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯას ეხმაურება. 

მისი თქმით, ზაზა გახელაძისთვის 11-წლიანი პატიმრობის შეფარდება, "ესაა ყველა ჩვენთაგანის სასჯელი, იმისთვის რაც ცოტა ხნის წინ მოხდა სტრასბურგში, ამით რუსეთმა გაღიზიანება გამოხატა". თქვა ამის შესახებ მდინარაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში . 

"ზაზა გახელაძის პრობლემა გამომდინარეობს იმ რთული თემიდან, რასაც ოკუპაცია ჰქვია. რაც არ უნდა მართალი იყოს სახელმწიფო და რუსეთის მიერ ოკუპაციის დამადასტურებელი სამართლებრივი დოკუმენტი ეჭიროს ხელში და შეეძლოს დასაბუთებული სამართლებრივი პრეტენზიის წაყენება ოკუპანტი სახელმწიფოსთვის, ამის მიუხედავადაც კი, ესაა რთული და პრობლემური საკითხი".- ამბობს მდინარაძე. 

მისივე თქმით, "მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, ყველა საერთაშორისო მექანიზმი და ყველა შესაძლო ბერკეტი, რომ ეს კონკრეტული პრობლემა ძალიან მალე დასრულდეს".

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მათივე ცნობით, ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა. 

გუშინ, 5 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა გახელაძის მხარდასაჭერი აქცია გამართეს და სახელმწიფოს უმოქმედობა გააპროტესტეს.

კომენტარები