კორონავირუსი და შეზღუდვები

რესტორატორი იმნაძეზე: ჩვენნაირი "მესაცივეების" მიერ გადახდილი თანხებით იღებს ხელფასს

"ჩვენნაირი "მესაცივეების" მიერ გადახდილი თანხებით ის იღებს ხელფასს" – ასე ეხმაურება რესტორატორი ნიკა მანჯგალაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის სიტყვებს. მანჯგალაძე წერს, რომ ასეთი საუბრით იმნაძე პირველ რიგში საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას. 

"არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო პაატა იმნაძის დღევანდელ კომენტარს დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში – სადაც მან განაცხადა რესტორატორების მიმართ: "რა ხელფასებს აძლევენ იქ თავის თანამშრომლებს, თვითონ მოიკითხონ ხოლმე". აქვე დავამატებ (სამწუხაროდ, არ შემიძლია წყაროს დასახელება), რომ კერძო საუბარში გაჟღერდა ფრაზა "მესაცივეებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ".

მას, როგორც ექიმს, ალბათ არ ესწავლება რომ ენას ძვალი არა აქვს, მაგრამ აუცილებლად ვინმემ უნდა აუხსნას რომ, როდესაც ჩვენ, "მესაცივეებად" მოგვიხსენიებს, ის თავის თავს აყენებს პირველ რიგში შეურაცხყოფას და არა ჩვენ.

ამ პარტმუშაკს, ექიმს, რომელსაც მმართველი პარტიის არც ერთი თავყრილობა არ "გაუმაზავს", მინდა ვუთხრა, რომ ჩვენნაირი "მესაცივეების" მიერ გადახდილი თანხებით ის იღებს ხელფასს (ნუ გარდა იმ ბინისა, რომელიც ცოლისძმამ აჩუქა)! ჩვენი, "მესაცივეების" დიდი დამსახურებაა რომ ამ ქვეყანაში არის ტურისტი და, საქართველოს როდესაც ახსენებენ, პირველი ასოციაცია ქართული სამზარეულოა! ჩვენს, "მესაცივეების" ბიზნესში დასაქმებულია 300 000-მდე ადამიანი! ჩვენ, "მესაცივეები" ვართ უპარტიოები და ნამდვილად არ გვცხელა პარტიული თავყრილობებისათვის. ჩვენ, "მესაცივეები" ძალიან ვამაყობთ იმით, რასაც ვაკეთებთ და ჩვენ "მესაცივეებს", არასოდეს, ვიმეორებ არასოდეს, არ მოგვიწყვია არც პროტესტი და არც აქცია მთავრობის წინააღმდეგ. დაბოლოს, ჩვენ "მესაცივეები" იმიტომ ვაწყობთ პროტესტს რომ თქვენ, როგორც პარტ ექიმმა სხვებთან ერთად ცუდად წაიყვანეთ ამ ქვეყნის ეპიდსიტუაცია, კვლავ ცუდად მიგყავთ ეს პროცესი და სპეკულირებთ ადამიანის სიცოცხლით!". – წერს მანჯგალაძე სოციალურ ქსელში.

4 თებერვალს პაატა იმნაძემ თქვა, რომ სხვის საქმეში ჩარევა არ უყვარს, მაგრამ ბიზნესმა თვითონ უნდა მოიკითხოს "რა ხელფასებს აძლევენ თავიანთ თანამშრომლებს". იმნაძემ, ასევე, თქვა, რომ მას საცივის რეცეპტი არასდროს მოუწოდებია და "კარგი იქნება, ყველამ თავისი საქმე აკეთოს".

კომენტარები