კორონავირუსი და შეზღუდვები

NGO-ები მთავრობას: მოხსენით კომენდანტის საათი, მისი ამ ფორმით არსებობა არაკონსტიტუციურია

რვა არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, კომენდანტის საათის ამ ფორმით არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ეს მთავრობის უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენებაა. NGO-ები შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე კომენდანტის საათის ძალაში დატოვებას განცხადებით ეხმაურებიან.

"კომენდანტის საათი დაწესებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მაშინ, როდესაც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ.

მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის საქართველოს მთავრობაზე დელეგირება  დასაშვებია, თუკი შეზღუდვის წინაპირობებს, მასშტაბსა და შინაარსს კანონი განსაზღვრავს, ხოლო მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ აკონკრეტებს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება.

მართალია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი იძლევა მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის ფორმალურ საკანონმდებლო საფუძველს, თუმც, ის იმდენად ზოგადი და განუსაზღვრელია, რომ მასში ფაქტობრივად მთავრობაზე ნებისმიერი უფლებამოსილების დელეგირება შეიძლება იქნეს ამოკითხული. აღნიშნული კი თავისთავად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ზემოხსენებულ დელეგირების წესს.

მოქმედი კომენდანტის საათი არათანაზომიერად ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას, აჩენს საფუძვლიან ეჭვს მიზნის მიღწევის გამოსადეგობასთან დაკავშირებით და არ წარმოადგენს უფლების  ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოხსნას კომენდანტის საათი და შეწყვიტოს COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ადამიანის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა და არაკონსტიტუციური ღონისძიებების გამოყენება" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI Georgia), თანასწორობის მოძრაობა, ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PRH), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბაზრობები გაიხსნება, ხოლო 15 თებერვლიდან - სკოლები და რესტორნების ღია სივრცეები. თუმცა, ძალაში კვლავ რჩება 21:00-დან 05:00-მდე დაწესებული კომენდანტის საათი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა "ალბათ, ყველაზე ბოლოს" მოიხსნება.

კომენტარები