მე-10 მოწვევის პარლამენტი

TI: წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გასაჯაროება ნეგატიურ კამპანიას ახალისებს

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის კანონსაწინააღმდეგო გასაჯაროება ნეგატიურ კამპანიას ახალისებს. 

"წულუკიანმა არამხოლოდ დაარღვია  პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრინციპები, არამედ კიდევ ერთხელ წაახალისა ნეგატიური კამპანია კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ". – წერია განცხადებაში, 

TI-ის განცხადების მიხედვით, გვარამიას სურვილის წინააღმდეგ პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროება აღმაშფოთებელია. 

"ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე გახშირებული თავდასხმების, ნიკა გვარამიას მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თუ დაწყებული საეჭვო გამოძიების, პირადი სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების, მის ოჯახის წევრებზე თვალთვალისა და მისი შანტაჟის მცდელობის ფონზე,  წულუკიანის ეს ქმედება მმართველი პარტიის მხრიდან გვარამიას წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ ანგარიშსწორებას ჰგავს. 

საჯარო პირი და მითუმეტეს, პარლამენტარი, უნდა იცავდეს და პატივს სცემდეს კანონმდებლობას, ბოროტად არ უნდა იყენებდეს საჯარო ტრიბუნას  და არ ახალისებდეს საზოგადოებაში დაპირისპირებას. სამწუხაროდ, ყოფილი იუსტიციის მინისტრის შემთხვევაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებას ახალისებს. გასულ წელს, ომბუდსმენის თქმით, წულუკიანმა  პატიმრებთან მისი კონფიდენციალური ვიზიტი უკანონოდ გაასაჯაროვა". – წერს TI.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მოუწოდებს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და  მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ასევე, მოუწოდებს ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის დევნა და უზრუნველყოს მისი სამოქალაქო უფლებების დაცვა. 

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. 

თეა წულუკიანი ნომრის გამოცხადებით პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტში თავისი პირველი გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მობილურის ნომერი და მოქალაქეებს უთხრა, რომ ამჯერად დეპუტატის რანგში უპასუხებს. 

"ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა, ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის 577 20 ** **. ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ილაპარაკეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? ეს რიტორიკული კითხვა იყო". – თქვა თეა წულუკიანმა.

კომენტარები