ეკონომიკა

რეკორდული ვარდნა 2009 წლის შემდეგ, 2020 წელს რუსეთის ეკონომიკა 3.1%-ით შემცირდა

განახლდა:
დაცარიელებული წითელი მოედანი, მოსკოვი, რუსეთი
დიმიტარ დილკოვი / Flipboard

წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს რუსეთის მშპ 3,1%-ით შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს, შესაძლოა, მონაცემები დაკორექტირდეს. 

ეს არის ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური ვარდნა 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, მაშინ რუსეთის ეკონომიკა 7.8%-ით შემცირდა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ როსტატის პირველადი მონაცემები გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მოლოდინები. 

ეკონომიკური კლება უფრო ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ამას რუსეთის მთავრობა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ეკონომისტები პროგნოზირებდნენ. მოლოდინები რუსეთის ეკონომიკასთან განსაკუთრებით მიმართებით, მარტში მას შემდეგ გაუარესდა, რაც რუსეთი და საუდის არაბეთი OPEC-ის ფარგლებში ნავთობის მოპოვების შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შემდეგ ორივე მხარემ მოპოვება გაზარდა და პანდემიის გამო ისედაც რეკორდულად შემცირებული მოთხოვნის ფონზე, ბაზარზე მოკლე მონაკვეთში ჭარბი მიწოდება გაჩნდა, რის ფონზეც ნავთობის ფასებმა ბოლო ათწლეულების მინიმუმი გაიმეორა.

2013-2019 წლამდე რუსეთის ეკონომიკური ზრდის მაქსიმალური ტემპი 2.5%-ს შეადგენს. საშუალოდ ამ წლებში რუსეთის ეკონომიკა საშუალო წლიური 0.9%-ით იზრდებოდა. ეკონომიკური რეცესიის აკადემიური ტექნიკური განმარტებით, ეკონომიკა რეცესიაშია იმ შემთხვევაში, თუკი ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში ზრდა 2.5%-ზე ნაკლებია. 

კომენტარები