მე-10 მოწვევის პარლამენტი

ჰარცელი გვარამიას ნომრის გასაჯაროებაზე: არასასიამოვნო იყო გუშინ ამის ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო
"არასასიამოვნო იყო გუშინ ამის ნახვა". – ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან ნიკა გვარამიას ნომრის საჯაროდ გამოცხადებას გამოეხმაურა.

"არასასიამოვნო იყო გუშინ ამის ნახვა. ყველამ ვიცით, რომ პირადი ცხოვრების დაცვის უფლება ფუნდამენტური საკითხია და ეს არაეთიკურად მიმაჩნია, თუმცა ამას მე ვერ განვსჯი. ვიცი, რომ საკითხს შეისწავლის სახელმწიფო ინსპექტორი, ამიტომ ვნახავთ, რა იქნება მათი მოსაზრება ამ საკითხზე". – თქვა ჰარცელმა
 

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. 

თეა წულუკიანი ნომრის გამოცხადებით პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტში თავისი პირველი გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მობილურის ნომერი და მოქალაქეებს უთხრა, რომ ამჯერად დეპუტატის რანგში უპასუხებს. 

"ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა, ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის 577 20 ** **. ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ილაპარაკეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? ეს რიტორიკული კითხვა იყო". – თქვა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროებას საერთაშორისო გამჭვირვალობაც გამოეხმაურა, განცხადების მიხედვით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის კანონსაწინააღმდეგო გასაჯაროება ნეგატიურ კამპანიას ახალისებს. 

"წულუკიანმა არამხოლოდ დაარღვია  პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრინციპები, არამედ კიდევ ერთხელ წაახალისა ნეგატიური კამპანია კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ". – წერია განცხადებაში

კომენტარები