კორონავირუსი და შეზღუდვები

ფერაძე რესტორნებზე: თუ უკიდურესი აუცილებლობა დადგება – დავაჯარიმებთ

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, თუ რესტორატორები პროტესტის ნიშნად 6 თებერვლიდან გაიხსნებიან, მათ დააჯარიმებენ. ამის შესახებ ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას ისაუბრა.

"ჩვენ არამარტო ოფიციალური შეხვედრები გვაქვს მათთან, ასევე პირადი კომუნიკაცია მაქვს, მათ შორის სატელეფონო. იმედი მაქვს, კვირის განმავლობაში ჩვენ კონსესუსამდე მივალთ და ასეთი რადიკალური ზომები არ იქნება განხორციელებული მათი მხრიდან, ვინაიდან ამის საფუძველი ბუნებრივია, არ არსებობს". – ამბობს ბექა ფერაძე.

ფერაძის მტკიცებით, ისინი, ვინც პროტესტის ნიშნად რესტორნების გახსნას აანონსებენ, არ წარმოადგენენ სექტორის უმრავლესობას. როგორც ფერაძე ამბობს, "ეს რესტორნების გარკვეული ჯგუფია, რომლებიც აყენებენ მსგავს მოთხოვნებს". 

მისივე თქმით, ბევრ რესტორანთან აქვთ უშუალო კომუნიკაცია და მათთვის დღეს პრიორიტეტად სამუშაოების განხორციელების უფლების მიღება არაა, რადგან "სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პრობლემები წარმოიქმნება".

"ამიტომ, რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა სრულად იზიარებს მოთხოვნებს და მიჰყვება მთავრობის მიერ დაანონსებულ ეტაპობრივი გახსნის პროცესს და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. არის გარკვეული ჯგუფი, სარესტორნო მომსახურება, რომელიც ამბობს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია გახსნა. ამიტომ, ამ ორი ჯგუფის ინტერესები უნდა იყოს ერთად შეჯერებული. ჩვენ კიდევ ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, შევხვდებით კიდევაც, გვექნება მათთან კომუნიკაცია. ამიტომ, მაქვს იმედი, რომ შაბათს მათი მხრიდან ასეთი რადიკალური ღონისძიებები არ იქნება განხორციელებული". – ამბობს ფერაძე.

გუშინ, 2 თებერვალს, რესტორატორებმა გადაწყვიტეს, რომ პროტესტის ნიშნად რესტორნებს 6 თებერვლიდან გახსნიან.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ ტაბულასთან საუბარში თქვა, რომ 6 თებერვლიდან მუშაობას 200-მდე რესტორანი დაიწყებს, თუმცა მათი რაოდენობა გაიზრდება.

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია 30 იანვარს ჩატარდა. როგორც ორგანიზატორებმა თქვეს, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა 1-ლი თებერვლიდან გახსნის გეგმას არ წარადგენდა, დაუმორჩილებლობას გამოაცხადებდნენ და მუშაობას განაახლებდენ. ასევე, 30 თებერვალს რესტორნებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და გატანის სერვისი გათიშეს.

კომენტარები