არჩევნები 2020

ზარქუა მანდატებზე: მგონია, კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს, განსაკუთრებით, პატარა პარტიებს

ირაკლი ზარქუა

"მგონია, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს, განსაკუთრებით, პატარა პარტიებს". – ამბობს ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ზარქუა ოპოზიციის მანდატებზე უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე.

"ორად არის გაყოფილი უმრავლესობაში აზრი - ნაწილი ემხრობა შეწყვეტას, ნაწილი გაგრძელების მომხრეა. ზოგადად, მგონია, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს, განსაკუთრებით, პატარა პარტიებს, რომ თავიანთი ამომრჩევლის ხმა გაახმოვანონ პარლამენტში. ამის მომხრე ვართ. 

ის პატარა პატარა პარტიები, რომლებსაც ხმა მისცა ამომრჩეველმა, ჩემთვის, პირადად, უფრო საინტერესოა, რომ მათი წარმომადგენლები იყვნენ პარლამენტში და არა რადიკალური ოპოზიცია". – ამბობს ზარქუა.  

ქართული ოცნების ოფისში, გუშინ, 1-ლი თებერვლის საღამოს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი განიხილეს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უმრავლესობას ჯერ არ მიუღია და ამის შესახებ დღეს, 2 თებერვალს მიმდინარე შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება, სადაც არსებითად ერთპარტიულმა პარლამენტმა 51 ოპოზიციონერისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს კენჭი უნდა უყაროს.

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ. მანდატებზე ასევე უარი არ უთქვამს გირჩის სამ წევრს. მათ ქართულ ოცნებას თხოვნით მიმართეს, დღევანდელ სხდომაზე მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებას. მათი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს გირჩის წევრებიც მიმართავენ.

1-ელ თებერვალს, დღის მიწურულს მიმართვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას მოუწოდა "დაფიქრდეს, პატივის სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს", არსებითად ერთპარტიულ პარლამენტს კი - "არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად".

კომენტარები