მეათე მოწვევის პარლამენტი

ბოლქვაძე მანდატებზე: ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? პოლიტიკურ განცხადებებს ნუ [მომთხოვთ]

ტაბულა

"თქვენ იცით, მე რომ პიანისტი ვარ? ხომ იცით. მუსიკოსი ხომ ვარ". – ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ჟურნალისტების კითხვას ოპოზიციის მანდატებთან დაკავშირებით. მას ასევე ჰკითხეს, რატომ არ უნდა გააკეთონ უმრავლესობის დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებები.

"მე მაქვს ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, რომლისთვისაც ჩამოვედი საქართველოში, ოცნებაში იმიტომ მოვედი, რომ უნდა გავაკეთო ის საქმე, რაც მე მევალება". – ამბობს ბოლქვაძე და აღნიშნავს, რომ ის პოლიტსაბჭოს პარტიულ შეხვედრებს არ დასწრებია და ქართული ოცნების ოფისში კონსულტაციაზე სხვა საკითხებთან დაკავშირებით მივიდა. 

"უნდა გავეცნო სიტუაციას, მე არ ვიყავი ამ პროცესში ჩართული, საერთოდ, მინდა გაიგოთ, რომ მე ვარ კულტურის წარმომადგენელი და პოლიტიკურ განცხადებებს მე ნუ [მომთხოვთ]... ჯერ უნდა გავეცნო სიტუაციას, შევჯერდეთ და მერე ერთად გადავწყვიტოთ ქვეყნის ინტერესებით". – ამბობს ბოლქვაძე ოპოზიციის მანდატების შეწყვეტის თემაზე.

კითხვაზე, "ოპოზიციის მანდატებთან დაკავშირებით არ ემთხვევა გიორგი გახარიას და უმრავლესობის წევრების პოზიცია?", ქართული ოცნების დეპუტატი ისევ პასუხობს - "არა ვარ ჩახედული, მიდის მოლაპარაკებები".

ქართული ოცნების ოფისში 1-ლი თებერვლის საღამოს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი განიხილეს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უმრავლესობას ჯერ არ მიუღია და დამატებით, ხვალ დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება, სადაც არსებითად ერთპარტიულმა პარლამენტმა 51 ოპოზიციონერისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს კენჭი უნდა უყაროს.

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ. მანდატებზე ასევე უარი არ უთქვამს გირჩის სამ წევრს. მათ ქართულ ოცნებას თხოვნით მიმართეს, ხვალინდელ სხდომაზე მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებას. მათი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს გირჩის წევრებიც მიმართავენ.

დღის მიწურულს მიმართვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას მოუწოდა "დაფიქრდეს, პატივის სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს", არსებითად ერთპარტიულ პარლამენტს კი - "არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად".

კომენტარები