ისრაელი

ისრაელმა და კოსოვომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

ისრაელმა და კოსოვომ აშშ-ს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. შეთანხმების მიხედვით, კოსოვო, რომლის მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმია, იერუსალიმში საელჩოს გახსნის.

შეთანხმებაზე ხელის მოწერის ცერემონია ონლაინ გაიმართა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზიმ თქვა, რომ ეს ისტორიული მოვლენაა და ირეკლავს რეგიონში მიმდინარე ცვლილებებს. მან დაადასტურა, რომ უკვე მიიღეს ოფიციალური თხოვნა კოსოვოსაგან იერუსალიმში საელჩოს გახსნის თაობაზე და იმედოვნებენ, რომ პროცესი მარტის ბოლომდე დასრულდება.

ამჟამად იერუსალიმში საელჩო მხოლოდ ორ ქვეყანას, აშშ-სა და გვატემალას აქვთ. საელჩოს გადატანის შესახებ განცხადება გააკეთეს მალავიმ და ჰონდურასმა, იერუსალიმში საელჩოს გახსნაზე ისრაელთან სერბეთიც შეთანხმდა.

კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ სახელმწიფო მდივანს, ტონი ბლინკენს ესაუბრა და მან უთხრა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს კოსოვოს ახალ ურთიერთობებს ისრაელთან და ეკონომიკურ შეთანხმებას სერბეთთან.

ისრაელმა უკვე დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები არაერთ მუსლიმურ ქვეყანასთან. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებას ხელი გასული წლის სექტემბერში მოაწერეს. მოგვიანებით შეთანხმებას შეუერთდნენ სუდანი და მაროკო. ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საელჩო უკვე გახსნა.

კომენტარები