კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: შემდეგი AstraZeneca-ს 180-300 000 დოზა მოგვეწოდება, დიდი ალბათობით, მარტის პირველ ნახევარში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზების შემდეგ ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის 180-300 ათასი დოზა შემოვა. გამყრელიძის თქმით, ვაქცინა, დიდი ალბათობით, მარტის პირველ ნახევარში მოგვეწოდება.

"პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვა Pfizer-ის ვაქცინა, 29 250 დოზა, ორჯერადი გაკეთებით. ეს არის დაახლოებით 14 500 ადამიანის დოზა. როგორც მაქვს ინფორმაცია, ვაქცინა შემოვა თებერვლის მეორე ნახევარში. ასევე უკვე დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც მოგვეწოდება, იქნება AstraZeneca, 180-დან 300 ათას დოზამდე და ეს იქნება დიდი ალბათობით, მარტის პირველ ნახევარში.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ კოვიდპანდემიის დამარცხების მთავარი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. თუ აიცრება მოსახლეობის 70 პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ კოვიდპანდემია დამთავრდა". – თქვა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანამ გუშინ, 30 იანვარს მიიღო დასტური, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მივიღებთ. გაბუნიას თქმით, პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება და ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კლინიკებში ჩატარდება.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 12 700 ტესტი, დადასტურდა ინფიცირების 479 ახალი შემთხვევა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პაციენტი. 

31 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 5 879 აქტიური შემთხვევაა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაინფიცირდა 258 111 ადამიანი, მათგან 249  028 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 178 კი გარდაიცვალა.

კომენტარები