კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტიის მიღება პანდემიის დასასრულის დასაწყისია

თენგიზ ცერცვაძე

"საქართველო განვითარებადი ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი (ჩვენი ინფორმაციით პირველ ხუთეულში) უმოკლეს დროში მიიღებს COVID-19-ის საწინააღმდეგო უმაღლესი ხარისხის (Pfizer- BioNTech -ის) ვაქცინის პირველ პარტიას". – წერს Facebook-ზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 

ის აღნიშნავს, რომ ქვეყანა, სავარაუდოდ, 30 ათას დოზას მიიღებს, ხოლო შემდგომში ეტაპობრივად მიიღებს ჯერ მაღალი რისკჯგუფი პირების, ხოლო შემდეგ მთელი მოსახლეობისთვის საჭირო ვაქცინის რაოდენობას.

"მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში უკვე შემუშავებული და დამტკიცებულია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, მომზადებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური მედპერსონალი, რათა მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი წარიმართოს უსაფრთხოდ და შეფერხებების გარეშე.

მოსახლეობის ვაქცინაცია ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების და მით გამოწვეული სიკვდილობის მკვეთრი შემცირების, აგრეთვე ყველანაირი შეზღუდვების და რეგულაციების ეტაპობრივი და უსაფრთხო მოხსნის ყველაზე ეფექტიანი გზაა.

ვულოცავ სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის პირველი პარტიის მიღებას. ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია". – წერს ცერცვაძე. 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანამ 30 იანვარს მიიღო დასტური, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მივიღებთ. გაბუნიას თქმით, პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება და ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კლინიკებში ჩატარდება. 

კომენტარები