კორონავირუსი და შეზღუდვები

"ერთად რესტორნების გადასარჩენად" – Bolt Food-ი რესტორნებს საკომისიოს უუქმებს

Bolt Food-ი პარტნიორი რესტორნების დასახმარებლად, მათთვის დაწესებულ საკომისიოს 1-ელი თებერვლიდან სრულად აუქმებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ მათი ეს გადაწყვეტილება გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანაში პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები იმოქმედებს.

"Bolt Food-მა საქართველოში ოპერირება სულ 1 თვის წინ დაიწყო, რის შემდეგაც, პარტნიორი რესტორნებისგან მუდმივად გვესმის წარმოუდგენელი სირთულეების შესახებ, რასაც პანდემიით განპირობებული შეზღუდვები ქმნის ბიზნესისთვის. ძალიან ბევრი ჩვენი საყვარელი რესტორანი მუშაობის გაგრძელებას ვერ ახერხებს, სხვები კი ყოველდღიურად, დაუღალავად იბრძვიან გადარჩენისთვის.

ჩვენ ეს ბიზნესი სწრაფი მოგების მიზნით არ წამოგვიწყია. გვჯერა, რომ ჩვენი კომპანიის ნამდვილი წარმატება ჩვენი პარტნიორი რესტორნების წარმატებაზე, ჩვენი კურიერების კარგ ანაზღაურებაზე და ჩვენი მომხმარებლების ბედნიერებაზეა სრულად დამოკიდებული. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მხარი დავუჭიროთ ბიზნესს ამ კრიტიკულ დროს. ვიმედოვნებთ, ეს გადაწყვეტილება პარტნიორ რესტორნებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და შემატებს ძალას, რომ უკეთ გაუმკლავდნენ პანდემიასთან ბრძოლას". – წერია კომპანიის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 70-მდე რესტორანი შაბათს, 30 იანვარს, ბოიკოტის ნიშნად მიწოდების სერვისს გათიშავს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიხსნება რესტორნები. დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა რამდენიმე აქცია გამართეს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:  

  • 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა, ვიცეპრემიერის თქმით, იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.
  • თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აღდგება სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ტრანსპორტის და სკოლების გახსნა პირველ მარტამდე არ იგეგმება.
  • პირველი თებერვლიდან, იხსნება შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე. რეისების შესრულება ყველა ავიაკომპანიას შეეძლება, თუმცა, "გარკვეული სიხშირეებით".
  • ღია და დახურული ბაზრობები საქართველოს ყველა ქალაქში 15 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას.
  • 1-ელ მარტამდე, კომენდანტის საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ 21:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს. 
  • საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლების და უნივერსიტეტების გახსნა პირველი მარტიდან იგეგმება.
  • ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებსა და საქალაქთშორისო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები.
  • შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულებების გადახდა/აღნიშვნა;
  • სავალდებულო რჩება პირბადის ტარება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში.

კომენტარები