ტურიზმი

როგორ შეძლებენ უცხოელები საქართველოში შემოსვლას - მთავრობის გადაწყვეტილება

თბილისის აეროპორტი

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის წესი შეცვალა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ილაპარაკა.

  • პირველი თებერვლიდან, ყველა ქვეყნის მოქალაქე, ვისაც გაკეთებული ექნება Covid-ვაქცინის სრული კურსი (ორი დოზა) და წარადგენს ამის დამადასტურებელ საბუთს, უპირობოდ შემოვა საქართველოში.
  • ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებს და რეზიდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლიდან მე-3 დღეს, ჩაიტარონ PCR ტესტი.

"თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, მესამე დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი და კომფორტულად შემოვიდნენ და იგრძნონ თავი საქართველოში" - თქვა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ავიაკომპანიებს მიმართა თხოვნით, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი ან Covid-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მათ არჩევანის საშუალება ექნებათ. ვისაც ქვეყანაში შემოსვლისას PCR ტესტის ნეგატიური პასუხი ექნება და მესამე დღესაც განმეორებით ჩაიტარებს, თვითიზოლაციის ვალდებულება მოეხსნება. ხოლო, თუ ქვეყანაში შემოსულ საქართველოს მოქალაქეს ტესტის პასუხი არ ექნება, ის 12 დღის ნაცვლად, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავა.

კომენტარები