დავითგარეჯის საქმე

მელაშვილი: ცდილობენ ურთიერთობის გაფუჭებას პარტნიორ ქვეყანასთან – გარკვეულწილად, მიაღწიეს

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

"მთავარი, რის მიღწევასაც ცდილობენ და გარკვეულწილად მიაღწიეს, ეს იყო საქართველოს ურთიერთობების გაფუჭება მის პარტნიორთან". - ამბობს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი. 

არ შეიძლება, რომ ეს არ აისახოს საქართველოს მოლაპარაკებებზე, საქართველოს ინტერესებზე. თუ აქამდე რაღაც მიღწევადი იყო, რაღაც კონტურები ჩანდა, მე არ ვიცი, ეს რამდენი ხნით გადაიწევს ან მიიღწევა თუ არა.  

[...] ერთადერთი მეგულება ჩვენს სამეზობლოში, ვისაც ეს აწყობს - რუსეთი, ვისი დიდი ინტერესიც არის. შეიძლება, სხვა ქვეყნის ინტერესიც არის." - ამბობს ივერი მელაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში.  

დღეს, 28 იანვარს,  მელაშვილი და ილიჩოვა სასამართლომ 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე დააყენა, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ.  დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თავდებობას ან "ადეკვატურ გირაოს" ითხოვდა, პროკურატურა კი - 30 000-ლარიან გირაოს, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას და დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებას. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.

ბრალდებულებმა გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. 


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

28 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის გარშემო გამოძიება ამოწურულია, ხოლო ბრალეულობა -  "მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით გამყარებული". პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, ამის გამო, საგამოძიებო უწყება მთავარ აქცენტს დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე მიმართავს, ხოლო მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლებას მოითხოვს. 

კომენტარები