ბელარუსი

Amnesty International: ბელარუსში არ გამოიძიეს მომიტინგეების წამების ბრალდებები

AFP

Amnesty International აცხადებს, რომ ბელარუსის მაღალჩინოსნებმა არ გამოიძიეს ანტისამთავრობო პროტესტის დროს დაჭერილი მომიტინგეების წამების შემთხვევების ბრალდებები. 

27 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სჯიან მსხვერპლს და არა დამნაშავეებს. Amnesty International საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გადადგან ნაბიჯები, რათა სამართალი აღსრულდეს და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

"ჩვენ განუწყვეტლივ მოვუწოდებდით ეფექტიანი გამოძიებისკენ, რათა პასუხი ეგოთ პასუხისმგებელ პირებს, მაგრამ ამის შანსი მცირეა იმ სისტემისგან, რომელიც არამხოლოდ ანონიმურობით იცავს პოლიციას, არამედ ასევე ახალისებს შევიწროებას და მეტ ძალადობას მსხვერპლისა და მოწმეების წინააღმდეგ".– თქვა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, მარი შტრუთერსმა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ არ დაწყებულა სისხლის სამართლის გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულების 900-ზე მეტ საჩივარზე. 

შტრუთერსის თქმით, ბელარუსის მართლმსაჯულების სისტემის მიერ ანგარიშვალდებულების შეუსრულებლობა ნიშნავს, რომ სამართლიანობა ახლა საერთაშორისო დონეზე უნდა აღსრულდეს.

"მთავრობებმა, საერთაშორისო და რეგიონალურმა ორგანიზაციებმა უნდა გამოიყენონ ყველა ბერკეტი, რომ ზეწოლა მოახდინონ ბელარუსის ხელისუფლებაზე, რათა დასრულდეს ადამიანის უფლებებზე შეტევა". – თქვა მან.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ დასავლეთში, აშშ-მევროკავშირმა ლუკაშენკოს სანქციები დაუწესეს. ლუკაშენკოს რეჟიმს მხარს უჭერს რუსეთი, პუტინი მას ფინანსურად და შეიარაღებით ეხმარება.

კომენტარები