გამგებლის მოადგილის დაკავება

"არავის გავუტარებთ ამ მიდგომას" – კალაძე ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებას ეხმაურება. 

"ძალიან ცუდი ფაქტია. ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ, ყველას დაგევალათ განსაკუთრებული სიფრთხილე კორუფციასთან დაკავშირებით. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება და მიდგომა გადაცდომებთან დაკავშირებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოგიწოდოთ, მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ თითოეული ჩვენი თანამშრომელი. გავამახვილოთ მაქსიმალური ყურადღება, რომ ვინმეს არ ჰქონდეს გადაცდომა. 

რაც შეეხება კონკრეტულ ფატს, რომელიც ეხება ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს, მე აქ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ, დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიება გვეტყვის, რასთან გვაქვს საქმე. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, ყველა გავაფრთხილო, მაქსიმალური ყურადღება სამსახურებში, ჩვენს თანამშრომლებთან, იმიტომ, რომ კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, გადაცდომა, კორუფციაში ჩართულობა და ა.შ. ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავის, არასდროს არავის, არ გავუტარებთ ამ მიდგომას და დამოკიდებულებას. ყველას მაქსიმალურად კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს". –ამბობს კალაძე. 

ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე 25 იანვარს დააკავეს. სუს-ის  ინფორმაციით, მან კომპანიას მოსთხოვა, ტენდერში მონაწილეობა არ მიეღო, წინააღმდეგობის შემდეგ კი პრობლემები ხელოვნურად შეუქმნა. შედეგად, ხელშეკრულება ჩაიშალა და კომპანიამ ვერ შეძლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გაგრძელება.

კომენტარები