უფლებამოსილების გადამეტება

"კომპანიას მოსთხოვა, ტენდერში მონაწილეობა არ მიეღო" - ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე დააკავეს

ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავა. სუს-ის ცნობით, ბრალდებულმა ერთერთ კომპანიას მოსთხოვა, ტენდერში მონაწილეობა არ მიეღო, წინააღმდეგობის შემდეგ კი პრობლემები ხელოვნურად შეუქმნა. შედეგად, ხელშეკრულება ჩაიშალა და კომპანიამ ვერ შეძლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გაგრძელება.

საქმე ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს ეხება. 126 572-ლარიანი ტენდერი 2020 წლის აპრილში გამოცხადდა და მასში მონაწილეობის სურვილი ორმა კომპანიამ გამოთქვა.

"ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, 2020 წლის 29 მაისს, სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება. 

გამგებლის მოადგილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, შპს-მ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მონაწილეობა მიიღო ტენდერში და  ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა. განაწყენებულმა საჯარო მოხელემ კომპანიას სისტემატურად დაუწყო პრობლემების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ის ქვემდგომი პირების მხრიდან ინფორმირებული იყო სამუშაოთა უხარვეზოდ შესრულებასთან დაკავშირებით, არამართლზომიერ ზეგავლენას ახდენდა სამუშაოების ზედამხედველზე და უფლებას არ აძლევდა, ჩაებარებინა შესრულებული სამუშაოები. ამის გამო, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა პრობლემები და საბოლოოდ შეუწყდა ხელშეკრულება" - აცხადებს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო.

სუს-ის ცნობით, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის "არამართლზომიერი ქმედების შედეგად" კომპანიამ ვერ შეძლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გაგრძელება და შესაბამისად, საცხოვრებელი სახლი დღემდე არ გაუმაგრებიათ.

"ამით არსებითად დაირღვა როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელთა, ასევე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები". - აცხადებს ანტოკორუფციული სააგენტო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოხელის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები