აშშ-რუსეთი

ბაიდენმა ნავალნის საკითხზე რუსეთის ქმედებების გამო შეშფოთება გამოხატა

ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეშფოთება გამოხატა მოსკოვის მიერ ალექსეი ნავალნის მოპყრობის გამო.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, თუ როგორ უპასუხებს ნავალნის სიტუაციას. ამასთან ერთად, მას იმედი აქვს, რომ აშშ და რუსეთი შეძლებენ ისეთ სფეროებში თანამშრომლობას, რაც ორივესთვის სასიკეთო იქნება. მან აღნიშნა, რომ აშშ-მ და რუსეთმა უნდა ითანამშრომლონ ბირთვული შეიარაღების კონტროლზე. 

"ჩვენ ორივეს შეგვიძლია, ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის ორმხრივი ინტერესების შესაბამისად, [მაგალითად] როგორიცაა ახალი სტარტის შეთანხმება და [ამავდროულად] განვუმარტოთ რუსეთს, რომ ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მათი საქციელი, იქნება ეს ნავალნი, იქნება ეს Solar Winds, თუ ავღანეთში ამერიკელების გამო დაწესებული ჯილდოს ცნობები". –თქვა მან. 

აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურს, რუსეთთან დადებულ იარაღზე კონტროლის შეთანხმება START 5 წლით გახანგრძლივდეს.

ბაიდენმა აშშ-ზე ჰაკერულ თავდასხმაზე, რაშიც რუსეთს სდებენ ბრალს და ასევე გასულ წელს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსეთმა თალიბანს ამერიკელი ჯარისკაცების დახოცვისთვის თანხის გადახდა შესთავაზა, თქვა, რომ მან სპეციალურ სააგენტოებს სთხოვა, ეს საკითხები საფუძვლიანად გაეცნოთ მისთვის, მიეწოდებინათ ყველა ინფორმაცია, თუ რა ეტაპზე არიან - "უყოყმანოდ წამოვწევ ამ საკითხებს რუსებთან".

24 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მთავრობას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნისა და მის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

23 იანვარს რუსეთში გაიმართა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები "თავისუფლება ნავალნის". რუსეთში ბოლო წლებში ეს ყველაზე მასშტაბური აქციები იყო. პროტესტს ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით ადამიანი შეუერთდა. ნავალნის შტაბი აქციის ჩატარებას 93 ქალაქში გეგმავდა. აქციები ასევე გაიმართა საზღვარგარეთ: ავსტრალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.

OVD-Info-ს ინფორმაციის თანახმად, აქციებზე 3000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ნავალნის მხარდამჭერები ერთი კვირის შემდეგ ახალი აქციების გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ განაცხადა ნავალნის რეგიონალური შტაბების კოორდინატორმა ლეონიდ ვოლკოვმა.


რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვლას დაიწყება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორცმისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები