აშშ-რუსეთი

თეთრი სახლი: ბაიდენს START-ის შეთანხმების 5 წლით გახანგრძლივება სურს

ჯო ბაიდენი

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურს, რუსეთთან დადებული იარაღზე კონტროლის შეთანხმება START 5 წლით გახანგრძლივდეს.

"პრეზიდენტი, დიდი ხანია, ნათლად აფიქსირებს პოზიციას, რომ START-ის შეთანხმება აშშ-ს ეროვნულ ინტერესებში შედის. ეს გახანგრძლივება კიდევ უფრო ლოგიკურია, როდესაც რუსეთთან ურთიერთობა დაპირისპირების ფაზაშია". - თქვა მან.

პსაკის განცხადების მიხედვით, ბაიდენმა აშშ-ს დაზვერვას დაავალა, შეაფასოს Solar Winds-ის კიბერთავდასხმა, 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევა, რუსეთის მიერ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოსაწამლად ქიმიური იარაღის გამოყენება და ინფორმაცია, რომ მათ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლაზე ჯილდო დააწესეს.

"რუსეთთან აშშ-ს ინტერესების სასარგებლოდ მუშაობის პარალელურად, ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უპასუხისმგებლო და აგრესიულ ქმედებებზე". - თქვა მან.

START-თან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პენტაგონმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი გახანგრძლივების შედეგად ამერიკელები უფრო უსაფრთხოდ იქნებიან.

ამ პოზიციას იზიარებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე ნომინირებული ენტონი ბლინკენიც. სენატში მოსმენისას მან თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, იარაღზე კონტროლის START-ის შეთანხმების გახანგრძლივება. მან აღნიშნა, რომ ეს არ არის რუსეთისათვის გაკეთებული საჩუქარი და ის შედის აშშ-ს ინტერესებში .
"ეს მოგვცემს პროგნოზირებად ზედა ზღვარს რუსეთის ბირთვულ იარაღზე და წვდომას მონაცემებსა და შემოწმებებზე, რაც სხვა მხრივ არ გვექნებოდა". – თქვა ბლინკენმა.

ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტს (New START), რომელიც 2010 წელს აშშ-სა და რუსეთს შორის გაფორმდა, ვადა თებერვალში გასდის.

კომენტარები