ეკონომიკა

"სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა" – ტურიზმის ინდუსტრიის მიმართვა მთავრობას

განახლდა:

დღეს, 25 იანვარს ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მთავრობას სპეციალური განცხადებით მიმართეს. მიმართვაში ნათქვამია, რომ სექტორის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით და მთავრობას ალტერნატიული გეგმით მიმართავენ. 

ტურისტული ინდუსტრია მთავრობისგან საჰაერო და სახმელეთო საზღვრებისა და ზამთრის კურორტების გახსნას ითხოვს. ამავდროულად მათ წარმოდგენილი აქვთ, როგორ იქნება შესაძლებელი სექტორის ამუშავება ისე, რომ არ წარმოქმნას ინფექციის გავრცელების ახალი კერები. 

ინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, მათ მიერ შეთავაზებული ზომების მიღება "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურისტული სექტორისთვის.  ინდუსტრიის მიერ გაცემული რეკომენდაციების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ზამთრის კურორტების გახსნა 1 თებერვლიდან [მობილობა მაღალი უკვე ვეღარ იქნება, ეკიპირებული ადამიანი არ არის ვირუსის გადატანის საფრთხე, სამთო კურორტების სასტუმროებსაც ისევე შეუძლია კოვიდ უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა, როგორც კახეთისა ან სხვა რეგიონის სასტუმროებს, სადაც საკმაოდ მაღალი მობილობა შეიმჩნეოდა, მაგრამ ამით ეპიდმდგომარეობა არ გაუარესებულა];
  • საზღვრების გახსნა, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო - შემდეგი რეგულაციებით, ქვეყანაში მივიღოთ ის უცხოელი ვიზიტორები, ვინც საზღვარზე წარმოადგენს: ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელ საბუთს, PCR ტესტს, გამოფრენამდე არაუგვიანეს 72 საათისა, წარმოადგენს საბუთს, რომ აქვს ანტისხეულები, ანუ არის უკვე კოვიდ გადატანილი [უახლოესი 6 თვის მანძილი];
  • ყველა უცხოელ ვიზიტორს, რომელსაც არ აქვს ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია, საზღვარზე გაუკეთდეს სწრაფი ტესტი. [ინდივიდუალური მოგზაურები თავად გადაიხდიან ტესტის თანხას, ტურისტული კომპანიით მოწვეული ტურისტებს კომპანია დაუფარავს ტესტის თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თვითღირებულებას];
  • საზღვრების გახსნა უახლოეს პერიოდში ზუსტი თარიღების მითითებით, [რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის] შესაბამისად, ვაქცინის დამადასტურებელი საბუთით ან PCR ტესტის დამადასტურებელი საბუთით, ანტისხეულის დამადასტურებელი საბუთით ან ჩაუტარდეს ადგილზე სწრაფი ტესტი. იგივე პრინციპით მოხდეს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება, რაც ხელს შეუწყობს გამყვანი ტურიზმის აღდგენას. [ამ დრომდე საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები ექვემდებარებიან თვითიზოლაციას];
  • აღდგეს სახმელეთო მიმოსვლა მეზობელ ქვეყნებთან იგივე რეგულაციებით საზღვარზე;
  • სასწრაფოდ შემუშავდეს კოვიდ დაზღვევის პროგრამა უცხოელი ვიზიტორებისთვის;
  •  რეგულარული რეისების აღდგენისთანავე გაიხსნას რესტორნები, მუზეუმები და სხვა ღირსშესანიშნაობები რეგულაციების მკაცრი დაცვით და კონტროლით;
  • უახლოეს მომავალში აუცილებლად შედგეს სამუშაო ჯგუფი კერძო სექტორის ჩართულობით, რომ სწრაფად, სწორად, უსაფრთხოდ და ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს 2021 წლის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება;

მოთხოვნას უერთდებიან: ტუროპერატორთა ასოციაცია, გამყვანი ტურიზმის ასოციაცია, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია.

კომენტარები