თავისუფლების ინსტიტუტი

ე.წ ბოჩოლების საქმე – თავისუფლების ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

Atom Mother Heart 

თავისუფლების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს მთავრობის რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, "აკრძალულია 140 კგ-მდე ცოცხალი მასის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი". 

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, თავდაპირველი რეგულაციით მთავრობა წონით შეზღუდვას ავრცელებდა ორივე სქესის მსხვილფეხა საქონელზე. 

ორგანიზაციის განმარტებით, მთავრობის ეს რეგულაცია ფინანსურ ტვირთს აკისრებს მცირე ფერმერებს, რის შედეგიც მათი მცირე ბიზნესის კიდევ უფრო შემცირება ან შეწყვეტაა. 

"Covid-19-ის ვირუსთან მიმართებით მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვების პირობებში მსგავსი რეგულაციები უფრო მეტად ამძიმებს მცირე ფერმერების მდგომარეობას. მთავრობას გონივრულად მოქცევა მართებს – მიგვაჩნია, რომ უნდა გადაიხედოს ყველა ის რეგულაცია, რაც სამოქალაქო ბრუნვას ხელს უშლის. მსგავსი არაგონივრული რეგულაციების გაუქმება მნიშვნელოვნად დაეხმარება ადამიანებს, გაუმკლავდნენ მათთვის მიყენებულ ზიანს". – წერია განცხადებაში. 

თავისუფლების ინსტიტუტს მიაჩნია, რომ მთავრობის რეგულაციის შედეგად, მცირე ფერმერებს ეზღუდებათ მათი არსებობისათვის აუცილებელი საკუთრების განკარგვა და თავისუფალი მეწარმეობა. როგორც ორგანიზაცია წერს, ექსპორტზე საქონლის გატანის შეზღუდვით მცირე ფერმერებს სადავო რეგულაციამ გასაღების ბაზარი შეუმცირა, რის შედეგადაც, მათ საქონელზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც დავარდა. 

"საკუთრების უფლების არსი ილახება, მაშინ, როდესაც მთავრობა უხეშად ერევა კერძო საკუთრების განკარგვაში და მცირე ფერმერს განუსაზღვრავს, რა წონის საქონელი რომელ ბაზარზე გაყიდოს. ფერმერები ვალდებულები არიან, საქონლის შენახვის ხარჯი გასწიონ მანამ, სანამ, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამის წონას საქონელი არ მიაღწევს – რაც მცირე ფერმერებს, შესაძლოა, თავიანთი საქმიანობის შეწყვეტად დაუჯდეს.

საკუთრების უფლება თავის თავში გულისხმობს, რომ ადამიანმა საკუთრება განკარგოს ისე, როგორც თავისთვის მომგებიანად ჩათვლის. საკუთრების გასხვისების კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს მესაკუთრეს თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის პირობებში, თავისი საკუთრებისგან მიიღოს ღირსეული კეთილდღეობა. მთავრობის რეგულაცია მცირე ფერმერის მეწარმეობის თავისუფლებას ზღუდავს იმდენად, რომ მისი საკუთრების სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენება არა სარგებელთან, არამედ ზიანთან არის დაკავშირებული - კერძოდ, რეგულაცია მსხვილფეხა საქონლის გასაღების ბაზარს ავიწროებს, საქონელზე მოთხოვნას ამცირებს, ფერმერის ხარჯებს ზრდის და, რიგ შემთხვევებში, მათ საქმიანობას აჩერებს". – წერს ორგანიზაცია. 

თავისუფლების ინსტიტუტის ცნობით, გარდა შინაარსობრივი საკითხებისა, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნასაც – კერძოდ, პარლამენტს მთავრობისთვის არ გადაუცია სადავო ნორმაში მოცემული საკითხის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მოწესრიგების უფლებამოსილება. 

"საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად უნდა განიხილოს ეს საქმე, რათა ადამიანებმა სასამართლოს წესით შეძლონ საკუთრებისა და მეწარმეობის თავისუფლების დაცვა, რაც Covid-19 ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში დაზარალებული ადამიანებისთვის დღეს არსებითად მნიშვნელოვანია". – წერს თავისუფლების ინსტიტუტი. 

კომენტარები