ტურიზმი

"ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით" - როგორ იხსნება ფრენები

"ვიწყებთ იმით, რომ ფრენები აღდგება" - ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა მოიხსნება.

"ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით, ამასაც თავისი გარკვეული პერიოდი სჭირდება, ავიაკომპანიებმა უნდა გათვალონ, როგორ უღირთ, რა სიხშირით უღირთ, თავისი ბიზნესგეგმა გააკეთონ და იფრინონ, ეს არის პირველი ნაბიჯები". - ამბობს მინისტრი.

ნათია თურნავა ვარაუდობს, რომ ტურისტების პირველი ჯგუფები საქართველოში შემოსვლას "უფრო უსაფრთხო ქვეყნებიდან" დაიწყებენ  "გარკვეული ვაქცინციის პირობის შესრულებით". ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა უახლოეს დღეებში იმსჯელებს, რა პირობით შეეძლებათ შემოსვლა საქართველოში უცხოელ ვიზიტორებს. 

"პირველი ნაბიჯები იდგმება, იმისთვის, რომ თუნდაც მარტში, ჩვენ თუ გვექნა დადებითობის მაჩვენებელი უფრო მისაღები და უფრო მიმზიდველი ქვეყანა გავხდით ვიზიტორისთვის... ესეც ხომ მნიშვნელოვანია, ისეთ ქვეყანაში,  სადაც მაღალია დადებითობის მაჩვენებელი, მაღალია ინფიცირება, ჩვენ სულ რომ გავხსნათ ყველაფერი, მაინც არ ჩამოვლენ დასასვენებლად" - ამბობს თურნავა.

მინისტრის ცნობით, პირველი თებერვლიდან ყველა ავიაკომპანია, რომელიც უკვე საქმიანობდა ან საქმიანობს საქართველოში, ან სამომავლოდ გეგმავს ქვეყნის ავიაბაზარზე შემოსვლას, შეძლებს რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას. მისივე თქმით, ავიაკომპანიებს ფრენის უფლება მხოლოდ ყველა არსებული სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიეცემა.

"მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს. ამდენად, ჩვენ ვხედავთ, რომ  გადაწყვეტილება რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ დამატებითი საფრთხის მომტანი არ იქნება. ჩვენ მომავალ კვირას ჩამოვყალიბდებით, თუ როგორ შევამსუბუქოთ ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორებისთვის, რადგან ეს ორი გარემოება ურთიერთკავშირშია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ და აღნიშნა, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია "ტემპს იკრებს".

"მათ შორისაა ისეთი ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის ტურისტულად განსაკუთრებით მიმზიდველია. მაგალითად, ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის სახელმწიფოები. აქედან გამომდინარე, ველით, რომ უახლოეს პერიოდში, გაზაფხულის სეზონზე ჩვენ შევძლებთ, ყველა წესის დაცვით, უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ტურისტებს უფრო დიდი რაოდენობით,“ - თქვა მინისტრმა.

ნათია თურნავას ცნობით, მომავალ კვირას დაგეგმილია შეხვედრა ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებთან.

"ჩვენ ერთად ვიმსჯელებთ, თუ როგორ მოემზადონ ისინი, რათა ეს ახალი გარემოება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენონ,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

საქართველოდან რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტში შეწყდა, მაშინ, როცა ქვეყანაში, ჯამში, კორონავირუსის 49 შემთხვევა იყო გამოვლენილი. საქართველოს მთავრობამ ფრენების აღდგენის პირობა რამდენჯერმე დადო, თუმცა, მხოლოდ აგვისტოში და მხოლოდ სამი მიმართულებით დანიშნა რეგულარული რეისები - თბილისი-მიუნხენის (Lufthansa), თბილისი-პარიზის (Air France) და თბილისი-რიგის (Air Baltic) საჰაერო ხაზზე. რეგულარული და ჩარტერული ფრენების ჩათვლით, ჯამურად, თვეში 50-60 ფრენა სრულდებოდა, რასაც მმართველი გუნდი "გახსნილ საზღვრებს" უწოდებს. აღსანიშნავია, რომ გერმანიის, საფრანგეთის და ბალტიის ქვეყნების მოქალაქეების და მუდმივი რეზიდენტების გარდა, საქართველოში შემოსული მგზავრი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გადიოდა. 

საქართველოს მთავრობა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, Wizzair-ს და Ryanair-ს თვეების განმავლობაში არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო. 

ოქტომბრიდან ფრენა განაახლა ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისი-რიგის მიმართულებით, მაშინ, როცა საქართველოში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.

იქამდე, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას ქუთაისში ბაზის განუსაზღვრელი დროით დახურვა და საქართველოში არაერთი ფრენის გაუქმება მოუწია.

1-ელი ნოემბრიდან რეგულარული ფრენები კიდევ ათი მიმართულებით განახლდა. რეგულარული რეისები დაინიშნა თბილისიდან დოჰის, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და მილანის მიმართულებით, ხოლო ქუთაისიდან - კატოვიცეს, დორტმუნდის და ვილნიუსის მიმართულებით. აქედან თბილისი-მილანის არც ერთი ფრენა არ შესრულებულა - ავიაკომპანია Ryanair-ს ბაზიდან საქართველოს მიმართულებით ოთხივე რეისი ამოღებული აქვს.

რაც შეეხება კატოვიცეს, დორტმუნდს და ვილნიუსს, Wizzair-მა მხოლოდ დორტმუნდის მიმართულებით შეასრულა სამი რეისი საახალწლოდ, დანარჩენი ფრენები ქუთაისი-რიგის ჩათვლით, გაზაფხულამდე გადადო.

საქართველოს მთავრობამ ფრენების დამატების გარდა, სავალდებულო კარანტინის PCR ტესტის სანაცვლოდ მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირების ერთეული ახალი შემთხვევები იყო, საქართველოს ყველა მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინი უნდა გაევლო. ნოემბრიდან კი, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების/მუდმივი რეზიდენტების გარდა, მგზავრები PCR ტესტის წარდგენის სანაცვლოდ 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიან, თუ მათ ტესტის პასუხი არ აქვთ, მაშინ თვითიზოლაციაში 12 დღე უნდა გაატარონ. 

კომენტარები