ეკონომიკა

"აუცილებელია ეკონომიკის ამუშავება" - 13 ასოციაციის ერთობლივი წერილი მთავრობას

საქართველოში მოქმედმა 13-მა ბიზნეს ასოციაციამ  სპეციალური ინიციატივით მთავრობას მიმართა. ასოციაციების ერთობლივ წერილში ისინი ქვეყანაში შექმნილ ურთულეს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და კრიზისის დაძლევის გზებზე ამახვილებენ ყურადღებას.

"შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ჯერ 16 იანვარს ნაწილობრივი, შემდეგ კი, 1 თებერვალს მთავრობის მიერ დაპირებული ე.წ. ლოქდაუნის სრული მოხსნა კვლავ გადადების საშიშროების წინაშეა, უფრო მეტიც, სხვა და სხვა სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენელთა და ეპიდემიოლოგთა ბოლო განცხადებები მიგვანიშნებს ქვეყნის ხელახალ ლოქდაუნზე [ე.წ მესამე ტალღა]". – ნათქვამია განცხადებაში

ასოციაციების საერთო გზავნილში ნათქვამია, რომ ქვეყანა დგას "გადარჩენის ან მთლიანი დაღუპვის გზაზე". მათი თქმით, მიუხედავად ჯანდაცვის სფეროში  შექმნილი კრიზისისა აუცილებელია ეკონომიკის სრული გახსნა ყველა არსებული რეგულაციის დაცვით.

ბიზნეს ასოციაციების მოთხოვნები მთავრობის მიმართ შემდეგნაირად გამოიყურება:

  • სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საავტომობილო, მეტრო და რკინიგზა [კონცენტრაციის მინიმიზაციის გათვალისწინებით] გაჩერებული ტრანსპორტი მიზეზია დღეს გაზრდილი უმუშევრობის და წარმოადგენს დისკრიმინაციას ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფენების მიმართ;
     
  • აღდგეს საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაცია – ისევე როგორც ამას ართმევს თავს არაერთი ქვეყანა.
    ავიღოთ მაგალითი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისაგან [ევროკავშირში შიდა რეისები დაფრინავს, თურქეთი, დუბაი, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუსეთი, ჩეხეთი, სასომხეთი], რომლებსაც არ გაუჩერებიათ საერთაშორისო ტურისტული ბიზნესი და ამავდროულად წარმატებით ართმევენ თავს ეპიდემიასთან ბრძოლას;
  • დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა [გაიდლაინის რეგულაციების გათვალისწინებით] –სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა იწვევს აბსოლუტურად უკონტროლო ჩრდილოვანი ღონისძიებების და ქეიფების ჩატარებას კერძო სექტორის ტერიტორიებზე;
  • შიდა და გარე ტურიზმის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამუშავდეს სასტუმროები – დღეისთვის საკმაოდ ბევრი სასტუმრო ფუნქციონირებს. ასეთივე პრინციპით ნება უნდა მიეცეს ყველა სასტუმროს, რომ აღადგინოს მუშაობა;
  • აღდგეს მოლებისა და არასასურსათო მაღაზიების ოპერირება – ასეთი ამუშავების წარმატებული შედეგი გვაქვს ახალი წლის პერიოდში. როგორც დავინახეთ, ასეთ მუშაობას არ მოჰყოლია რაიმე სახის დაავადებულთა რიცხვის მატება;
  • დაიწყოს ზამთრის კურორტების ოპერირება, როგორც სასტუმროების, ასევე, საბაგირო გზების –საბაგიროების ამუშავება დაკავშირებულია სოციალური დისტანციის დაცვის რეალურ კონტროლთან. ეს ტექნიკური საკითხი საკმაოდ ადვილად მოგვარებადია და არ წარმოადგენს გადაულახავ პრობლემას. ამ ტექნიკურ პრობლემას არ უნდა შეეწიროს მთელი რეგიონების ამუშავებისა და გადარჩენის პერსპექტივა.

ასოციაციების თქმით, ისინი ასევე მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ პერსონალის ტესტირების პროცესში, თუმცა რთული ფინანსური მდგომარეობის გამო ამის განსახორციელებლად საჭირო იქნება სუბსიდია სახელმწიფოს მხრიდან.

ინიციატივას ხელს აწერენ: რესტორატორთა ასოციაცია, რითეილერთა ასოციცია, ტურისტული ინდუსტრიის ასოციცია, გასტრონომთა ასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, დისტრიბუტორთა ასოციაცია, დამსაქმებელთა ასოციაცია, სავაჭრო ცენტრების ასოციაცია, საავიაციო ასოციაცია, მთის კურორტების ასოციაცია, სალონების და ესთეტიკის ცენტრების ასოციაცია, მწარმოებელთა ფედერაცია, ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია.

კომენტარები