კორონავირუსი აშშ-ში

ჯო ბაიდენმა COVID-19-ით გარდაცვლილი ამერიკელების ხსოვნას პატივი მიაგო

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა COVID-19-ით გარდაცვლილი ამერიკელების ხსოვნას პატივი მიაგო.  ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის ინფექციისგან 400 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

"იარების მოშუშებისთვის აუცილებელია, გვახსოვდეს. ხანდახან გახსენება რთულია, მაგრამ ჭრილობებს ასე მოვიშუშებთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთად გავაკეთოთ". – თქვა ჯო ბაიდენმა.

გარდაცვლილთა ხსოვნისთვის მიძღვნილი ღონისძიება ვაშინგტონში ჯო ბაიდენის საინაუგურაციო კომიტეტმა ჩაატარა. ღონისძიების ორგანიზატორებმა ამერიკელ ხალხს სთხოვეს, დაღუპულთა ხსოვნისთვის საკუთარ ფანჯრებთან სანთლები დაენთოთ, ხოლო ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან 400 სანათი აანთეს. 

"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, ერი, რომელიც გლოვობს, რათა პატივი მივაგოთ მათ, ვინც დავკარგეთ, ბებიას ან ბაბუას, რომელიც მთელი ჩვენი სამყაროა, მშობელს, პარტნიორს, დედმამიშვილს ან მეგობარს, ვისი დაკარგვის მიღებაც გვიჭირს, თვეების განმავლობაში ჩვენ მარტო  ვგლოვობდით. დღეს ჩვენ ერთად ვგლოვობთ და იარების მოშუშებას ერთად ვიწყებთ". – თქვა არჩეულმა ვიცეპრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა.

აშშ-ს მასშტაბით სხვადასხვა ღირშესანიშნავი შენობა განსაკუთრებულად იყო განათებული.

კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად ჯო ბაიდენმა აქტიური გეგმა დაისახა. ბაიდენმა სურს, მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში 100 მილიონი ამერიკელი აიცრას. ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე გეგმავს ფედერალური საკუთრების ტერიტორიაზე და შტატებს შორის გადაადგილებისას პირბადის ტარების სავალდებულოდ ქცევას და კორონავირუსზე ტესტირების გაფართოებას. არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე წარმოადგინა ეკონომიკის სტიმულირების $1.9 ტრილიონიანი პაკეტი.

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია დღეს, 20 იანვარს, გაიმართება.

კომენტარები