კორონავირუსი აშშ-ში

ჯო ბაიდენს სურს, შემოდგომისთვის COVID-19-ზე 300 მილიონი ამერიკელი აიცრას

ჯო ბაიდენი
Reuters

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურს, ვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური გახადოს და შემოდგომისთვის COVID-19-ზე 300 მილიონი ამერიკელი აიცრას.

ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს შტატებისთვის ვაქცინის მიწოდება გაზარდოს და Pfizer-ისა და მოდერნასგან დამატებით ვაქცინის 200 მილიონი დოზა შეისყიდოს. შედეგად, აშშ-ს მიერ შესყიდული ვაქცინის რაოდენობა 600 მილიონ დოზამდე გაიზრდება, რაც 300 მილიონი ადამიანის ასაცრელადაა საკმარისი.

ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანია, გაზარდოს ვაქცინების მიწოდება, რათა მომავალი სამი კვირის განმავლობაში დღეში 1.4 მილიონი და კვირაში 10 მილიონი დოზის ადმინისტრირება გახდეს შესაძლებელი. ეს ნაწილია ჯო ბაიდენის უკვე გამოცხადებული გეგმისა, თავისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში 100 მილიონი ადამიანის აცრის შესახებ.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს "რთული გამოწვევა" იქნება და ვაქცინაციის პროგრამა, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან დარჩა, "იმაზე რთულ მდგომარეობაში იყო, ვიდრე მოელოდნენ".


ბაიდენმა უკვე გამოსცა არაერთი აღმასრულებელი ბრძანება პანდემიასთან ბრძოლის გასაძლიერებლად. მათ შორისაა ტესტირების მასშტაბების გაზრდა და ვაქცინაციის დაჩქარება. ასევე გაიზრდება დამცავი აღჭურვილობის, მათ შორის პირბადეების წარმოება. ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო გახდა ფედერალური მთავრობის კუთვნილ ტერიტორიაზე. ახალი ბრძანებით კი პირბადე სავალდებულო ხდება აეროპორტებში, თვითმფრინავებში, მატარებლებში და ავტობუსებშიც.

წინა ადმინიტრაციის პოლიტიკისაგან განსხვავებით, ბაიდენის გეგმა ვირუსთან გამკლავების პასუხისმგებლობის ცალკეული შტატების ხელისუფლებებისთვის დაკისრების ნაცვლად ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობს. ამისათვის შეიქნება საკოორდინაციო ოფისი და გაიზრდება ადგილობრივი მთავრობებისათვის ვირუსთან გასამკლავებლად გამოყოფილი დაფინანსება.

გეგმის მიხედვით, მიზანია 100 დღეში უსაფრთხოდ გაიხსნას სკოლები, სტადიონებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კი ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნას.

ბაიდენმა ასევე აღადგინა ტრამპის მიერ მოგზაურობაზე მოხსნილ აკრძალვები. კვლავ დაწესდება შეზღუდვები ბრიტანეთიდან, ბრაზილიიდან, ირლანდიიდან და ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილიდან მომავალი მოქალაქეობის არმქონე მგზავრებისათვის. მათ, ვინც აშშ-ში გაემგზავრება დასჭირდებათ კორონავირუსზე ტესტის ჩატარება, შემდეგ კი 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა.

კომენტარები