ეკონომიკა

ჯო ბაიდენმა ეკონომიკის სტიმულირების $1.9 ტრილიონიანი პაკეტი წარმოადგინა

ჯო ბაიდენი

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარმოადგინა, რამაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირებასა და დინამიკური ეკონომიკური ზრდის აღდგენას უნდა შეუწყოს ხელი. ამ ეკონომიკური პაკეტის მოცულობა ჯამურად 1.9 ტრილიონი დოლარია. 

პაკეტი მოიცავს 1 400 დოლარის გაცემას თითოეულ გადასახადის გადამხდელზე პირდაპირი წესით. ჯამურად პირდაპირი ფინანსური სტიმულირების მოცულობა დეკემბერში კონგრესის მიერ დამტკიცებულ 600-დოლარიან კომპენსაციასთან ერთად 2 000 დოლარს გაუტოლდება. 

ბაიდენის ინიციატივა, ასევე, ითვალისწინებს მინიმალური ხელფასის დაწესებას საათში 15 დოლარის ოდენობით და ყოველკვირეული უმუშევრობის კომპენსაციის გაზრდას. დოკუმენტის მიხედვით 350 მილიარდი დოლარი ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებისთვის არის გამოყოფილი, დამატებით 170 მილიარდი დოლარი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის არის გათვალისწინებული. გეგმა, ასევე, ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების პაკეტს.

ამავე გეგმის მიხედვით, 50 მილიარდი დოლარი კორონავირუსის დამატებითი ტესტირებისთვის, ხოლო 20 მილიარდი დოლარი სწრაფი და საყოველთაო ვაქცინაციისთვის არის გათვალისწინებული. არჩეული პრეზიდენტის გეგმას უკვე დაუჭირეს მხარი მისმა თანაპარტიელება, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ და უმრავლესობის ლიდერმა სენატში, ჩაკ შუმერმა. 

გეგმის წარდგენას გამოეხმაურა ბაიდენის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბრაიან დიზი. მისი თქმით, პირველ ეტაპზე პრეზიდენტის ძალისხმევა ეკონომიკის სტიმულირებისა და სწრაფი აღდგენისკენ იქნება მიმართული, ხოლო შემდეგ ადმინისტრაცია პანდემიასთან და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული გრძელვადიანი საკითხებით დაკავდება. 

8 იანვარს თავის გამოსვლაში ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი გამოიყენებს კანონს თავდაცვითი წარმოების შესახებ, რათა კიდევ უფრო დააჩქაროს მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა.

2020 წლის მიწურულს აშშ-ს ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2021 წლის ბიუჯეტს, რომელიც  ეკონომიკის სტიმულირების პაკეტსაც ითვალისწინებს. ეს პანდემიის დაწყების შემდეგ ტრამპის მიერ მიღებული ეკონომიკური სტიმულირების მეორე პაკეტი იყო, მისი ღირებულება 900 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეკონომიკის დახმარების პირველი პაკეტი ტრამპის ადმინისტრაციამ გაზაფხულზე მიიღო და მისი მოცულობა 3 ტრილიონ დოლარს აღემატებოდა.

 

კომენტარები