კორონავირუსი აშშ-ში

აშშ-ში კორონავირუსის დღიური რეკორდული რაოდენობა – 1 080 211 შემთხვევა აღირიცხა

Getty Images

ორშაბათს, 3 იანვარს აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდეონობა, 1 080 211 შემთხვევა აღირიცხა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თანახმად, ქვეყანაში ომიკრონით გამოწვეულ ტალღას ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია. აშშ-ის პირველი ინფექციონისტის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, შემთხვევების პიკი, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში დადგეს.

შემთხვევების უმეტესობაში კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტით ინფიცირება დადასტურდა.

ენტონი ფაუჩის თქმით, სამხრეთ აფრიკის მაგალითი, სადაც ომიკრონი თავდაპირველად სწრაფად გავრცელდა, თუმცა შემდეგ ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, იმედისმომცემია.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, სხვა ვარიანტების გავრცელების პერიოდებთან შედარებით ნაკლებია სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.

წინასწარი კვლევებით ომიკრონი დელტაზე უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, თუმცა უფრო სწრაფად ვრცელდება, რაც აჩენს შიშს, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობის სწრაფი ზრდა ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას გამოიწვევს.

კომენტარები