აშშ-საქართველო

ბლინკენი: თუ საქართველო შეძლებს მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს

ენტონი ბლინკენი

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე დასახელებული ენტონი ბლინკენი სენატის საგარეო კომიტეტის წინაშე წარდგა. მან ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა, მათ შორის იყო ევროატლანტიკური თანამშრომლობა, რუსეთისა და ჩინეთის საკითხები. სენატორ რენდ პოლის კითხვაზე, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ნატოს გაფართოებასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას, ბლინკენმა უპასუხა:

"თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, შეძლებს, დააკმაყოფილოს გაწევრიანებისათვის სავალდებულო მოთხოვნები და თუ შეძლებს წვლილი შეიტანოს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში, მაშინ დიახ, ნატოს კარები ღია უნდა დარჩეს".

რენდ პოლის შენიშვნაზე, რომ ეს რუსეთთან ომს გამოიწვევდა კი განაცხადა:

"რეალურად, ვფიქრობ, პირიქით, სენატორო. როცა საქმე ეხება ნატოს წევრობას, კარგი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ არის რუსეთი აგრესიული ისეთი ქვეყნების მიმართ, რომლებიც არ არიან ნატოში და ნატოს ქოლგის ქვეშ და რატომ არ ესხმის თავს მათ, ვინც არიან...გვინახავს წარსულში, რომ ქვეყნები, რომლებიც ნატოში შევიდნენ, არ ყოფილან რუსეთის მხრიდან იგივე თავდასხმის სამიზნე". – უპასუხა მან.

ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ვრცლად საქართველოზე ბლინკენის მიერ წარსულში გაკეთებული კომენტარები შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.

კომენტარები