არჩევნები 2020

ბოკერია: ცილისწამების ნიაღვარს ოპოზიციაში დაპირისპირებად ასაღებენ, ასე არ არის

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია მისი და პარტიის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს. გირჩისა და მოქალაქეების წევრები ამტკიცებენ, რომ ევროპული საქართველო სხვა ოპოზიციურ პარტიებს "აშანტაჟებს", რათა ისინი პარლამენტში არ შევიდნენ – ყველა ამ პარტიას უკვე აქვს ნათქვამი უარი მანდატებზე. 

TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში გიგა ბოკერია ამბობს, რომ იაგო ხვიჩია და ალეკო ელისაშვილი სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უფრო დიდ შეურაცხყოფას აყენებენ ამით, ვიდრე ევროპულ საქართველოს და ფიქრობს, რომ მათ თავად უნდა გასცენ პასუხი. 

"რეალურად ცილისწამების ნიაღვრის, რომ აი, "მე შენ დაგაბრალებ რაღაცას, ფეხებზე მკიდია, ვიტყვი და მერე შენ იმართლე თავი", ამ ნიაღვრის წარმოჩენა ხდება, როგორც ფუნდამენტური ბზარის ოპოზიციის რიგებში და თითქოს ყოველდღე რაღაც ხდება. ასე არ არის". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, მისი პარტიის პოზიცია არ შეცვლილა, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიებისა, გარდა გირჩის და მოქალაქეებისა. კითხვაზე, რატომ გახდა ევროპული საქართველო დარტყმის მთავარი ობიექტი, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ არ იცის და თავს უფლებას ვერ მისცემს, მათსავით მოიქცეს და სპეკულაცია დაიწყოს. 

"რატომ იქცევიან ხოლმე ადამიანები უზნეოდ ? სხვადასხვა მიზეზის გამო. არ ვიცი, მე მათნაირად ვერ მოვიქცევი, რომ უბრალოდ, დავაბრალო, რომ ვიღაც რაღაცას ავტომატურად ფულის ან სხვა რამის გამო აკეთებს. ფაქტია, რომ ადამიანებმა პოზიცია შეიცვალეს. მათგან განსხვავებით, მე მოტივაციაზე სპეკულაციას ვერ დავიწყებ. მე ვიცი ერთადერთი რამ, რომ ჩვენ გვქონდა ერთიანი პოზიცია, მერე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ვადამდელის გარეშეც არიან თანახმა, არ დაწერეს ჩვენგან განსხვავებით, განცხადება პარლამენტიდან გამოსვლაზე.

სიამოვნებით მივიღებდი ამას, როგორც ჩვენი ძალის აღიარებას, ოღონდ ეგ არასერიოზული იქნება, ჩემი მხრიდან. სისულელეს ხომ ვერ დავიბრალებთ, რომ ჰიპნოზის ქვეშ გვყავს ნიკა მელია ჩვენ. ეს ხომ სისულელეა, გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფაა ზრდასრული ადამიანის". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ორად ორი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ამ დრომდე არ უთქვამს საპარლამენტო მანდატებზე უარი, ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. გირჩისა და მოქალაქეების ლიდერები ამტკიცებენ, რომ ევროპული საქართველო დანარჩენ ოპოზიციას აშანტაჟებს და სწორედ ამ შანტაჟის გამო ვერ შედიან ისინი პარლამენტში. 

ალეკო ელისაშვილმა და იაგო ხვიჩიამ თავიანთი ინიციატივა 14 იანვარს გაასაჯაროეს, რის მიხედვითაც – "თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართულ ოცნებაზე ჯამურად მეტს აიღებს ოპოზიცია, მაშინ ეს ავტომატურად იყოს 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა". 

ამ შეთავაზებას სხვა ოპოზიციური პარტიები არ იზიარებენ და ხელისუფლებისგან კვლავ ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებენ. ამ დროისათვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობამ უარი თქვა. 

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ. მათგან სამს - ფრიდონ ინჯიას, გოჩა ენუქიძესა და დავით ზილფიმიანს მანდატები პარტიის იმ ლიდერების ნაცვლად ერგოთ, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვეს, ხოლო მეოთხე - ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა.

მანდატებზე ასევე უარი არ უთქვამთ გირჩის სამ და მოქალაქეების ორ წევრს. 

 

კომენტარები