Nord Stream 2

გაზპრომის გაზსადენის Nord Stream 2-ის მშენებლობა გერმანიაში ეკოლოგების მოთხოვნით შეჩერდა

გერმანიაში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაცია ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავშირმა [NABU] გაასაჩივრა გერმანიის საზღვაო და ჰიდროგრაფიული სააგენტოს მიერ რამდენიმე დღის წინ გაცემული ნებართვა, რომელიც გერმანიის ტერიტორიულ წყლებში გაზპრომის გაზსადენის, Nord Stream 2-ის მშენებლობის დასრულების ნებართვას იძლეოდა. 

გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი საჩივრების შემდეგ ვითარების საბოლოო გადაწყვეტამდე მშენებლობა შეჩერებულია. ამგვარად, მოსალოდნელია, რომ გაზსადენის მშენებლობის დასრულების ვადა კიდევ უფრო გადაიწევს. მსგავსი საჩივარი შეიტანა კიდევ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ასევე გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობს. 

საკითხთან დაკავშირებით კომენტარზე უარი თქვეს გაზსადენის ოპერატორ კომპანიაში. გაზპრომის შვილობილმა კომპანიამ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გერმანიის ფედერალური სააგენტოსგან 15 იანვარს მიიღო, თუმცა ამ დროისთვის ნებართვა შეჩერებულია. 

როგორც NABU-ში აცხადებენ, ნებართვის გაცემისას ფედერალურმა სააგენტომ არ გაითვალისწინა, რომ მილსადენი ზღვაზე მობინადრე ფრინველების დაცვის სპეციალურად დაცულ ზონასთან გაივლის, რამაც, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს მათ არსებობას. 

გაზპრომის გაზსადენი Nord Stream 2 ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის ორი ჯაჭვის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის ჯამური სიგრძეც 1 200 კილომეტრს, ხოლო სიმძლავრე წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატება. ამ გაზსადენით გერმანია მიიღებს რუსულ გაზს ფინეთის, შვედეთის და დანიის ტერიტორიული წყლების გავლით. 

თავდაპირველი გეგმის მიხედვით გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო, თუმცა ამას ხელი შეუშალა ამერიკულმა სანქციებმა, რის შემდეგაც სამუშაოების წარმმართველმა შვეიცარიულმა კომპანია AllSeas-მა პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

აქედან ერთი წლის შემდეგ  რუსულმა ხომალდებმა პროექტზე მუშაობა გააგრძელეს. რამდენიმე რუსული სპეციალური გემის მეშვეობით უკვე გაყვანილია 2.6 კილომეტრი სიგრძის გაზსადენი. ამ დროისთვის გაყვანილია გაზსადენის 90%. 

კვლავინდებურად აშშ გაზსადენის წინააღმდეგია. პირველ იანვარს კონგრესმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო, რომელიც გაზსადენის მშენებლობისა და ექსპლოატაციაში ჩაშვების ყველა ეტაპზე მონაწილე ნებისმიერი კომპანიისთვის მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს. მათ შორის ამერიკული სანქციები ემუქრება კომპანიებს, რომლებიც პროექტის დაზღვევასა და სერტიფიცირებას მოინდომებენ, აქედან გამომდინარე, პროექტის ბედი კვლავაც ბუნდოვანია.

კომენტარები