არჩევნები 2020

ისტორიის დასასრული და უკანასკნელი პარლამენტი

არჩევნები 2020

ისტორიის დასასრული და უკანასკნელი პარლამენტი

რამდენიმე სიტყვა ოლიგარქის ნამდვილ მემკვიდრეობაზე

2014 წელს თბილისში ცნობილი ამერიკელი პოლიტიკის ფილოსოფოსის ფრენსის ფუკუიამას სტუმრობა დიდი მოვლენა იყო და მეც, რა თქმა უნდა, ვესწრებოდი მის ლექციას. იქ უკვე მის ცხოვრებაში ალბათ მერამდენედ დაუსვეს გაცვეთილი კითხვაშეცდა თუ არა, როდესაც ისტორია დასრულებულად, ლიბერალური დემოკრატიული წესრიგი კი გამარჯვებულად გამოაცხადა. როგორც იცით, თავის ნაშრომში "ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი" ფუკუიამამ ცივი ომის დასრულება და საბჭოთა კავშირის დაშლა კაცობრიობის იდეოლოგიური ევოლუციის საბოლოო წერტილად მიიჩნია და ლიბერალური დემოკრატიის როგორც მმართველობის ფორმის უნივერსალიზაცია ივარაუდა. უკვე დიდი ხანია ყველასთვის ნათელია, რომ ისტორია კეთილი დასასრულისგან ძალიან შორს იყო, თუმცა ცივი ომის შემდგომ პოლიტიკურ წესრიგზე დაკვირვებისას მაინც შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიის იდეალი საკმაოდ მძლავრი ნორმატიული კონსენსუსის საგანი გახდა. შესაბამისად, სამყაროს გარკვეულ ნაწილში მაინც, გაცხადებული ავტორიტარიზმის დამყარება დემოკრატიული წესების ღია და სრული უგულებელყოფით საკმაოდ რთულ და წამგებიან სტრატეგიად იქცა. შედეგად, ავტორიტარიზმს თვითშენარჩუნების ახალი მეთოდების, ხოლო დემოკრატიის დამცველებს ამ მეთოდებთან დაპირისპირების საჭიროება დაუდგათ.

პოლიტიკის მეცნიერებების თანამედროვე მკვლევარები განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან "არალიბერალური დემოკრატიის" ფენომენის აღმოცენებით აღმოსავლეთ ევროპაში და არა მხოლოდმარტივად რომ ვთქვათ, ეს გულისხმობს შინაარსისაგან დაცლილი დემოკრატიის მშენებლობას ლიბერალიზმის გარეშე, რომელსაც თან არ ახლავს ინსტიტუციური შეზღუდვები, ხელისუფლების რეალური დანაწილების, კონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმები, უმცირესობათა და ინდივიდუალური ავტონომიის დაცვის ინსტიტუტები, სამართლის უზენაესობა და ბევრი სხვა რამ, რაც ქმნის იმას, რასაც ჩვენ სიტყვადემოკრატიაშიმოვიაზრებთ. არალიბერალური დემოკრატია ეფუძნება მაჟორიტარიანულ (უმრავლესობის) ლეგიტიმაციას, რომელიც ქმნის ილუზიას, რომ დაცულია დემოკრატიული თამაშის წესები, თუმცა შედეგად არ მიიღება არც ერთი ის სიკეთე, რისთვისაც დემოკრატიული წესრიგი არსებობს და იგი გამოყენებულია მხოლოდ თვითნებური მმართველობის ლეგიტიმაციისათვის. არალიბერალური რეჟიმების ოპერაციული სისტემა პოპულიზმს ეფუძნება. პოპულიზმი გლობალური ფენომენია და მისი განზოგადება საკმაოდ რთულია, რადგან ყოველ შემთხვევაში მისი შინაარსის ახსნა შესაძლებელია მხოლოდ კონტექსტუალურად. მიუხედავად ამისა, არსებობს ზოგადი ნიშნები, რომელიც პოპულიზმის გამოყენებით ლიბერალური დემოკრატიის შესუსტების პროცესის ამოცნობის საშუალებას იძლევა. ამ მიმართულებით სამეცნიერო ლიტერატურა ხშირად განიხილავს პოლონეთისა თუ უნგრეთის მაგალითებს, თუმცა საქართველოში მიმდინარე თანამდროვე პროცესების უკეთ გასაანალიზებლად მე შევეცდები რამდენიმე მახასიათებელი ელემენტი აღმოვაჩინო, ავხსნა და გავაანალიზო ჩვენს პოლიტიკურ მოცემულობაში და გარკვეულკვეულწილად პასუხი გაეცეს კითხვას - რა სისტემა დაგვიტოვეს ჩვენ?

modus operandi

თავად პოპულიზმი ნაკლებად თუ არის იდეოლოგია. მას არ აქვს მყარი და თანმიმდევრული ღირებულებათა სისტემა ან ნორმატიული ჩარჩო. ის უფრო არის მოქმედების წესი, რომელიც კონტექსტის მიხედვით ირჩევს შინაარსს. ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთგვარი ვირუსი, რომელიც სხვადასხვა ორგანიზმში სხვადასხვა სისუსტეს აღმოაჩენს და სწორედ მას გამოიყენებს ჯანმრთელობის დასაზიანებლად. ამიტომაც პოპულისტური რიტორიკა გვევლინება ხან ნაციონალიზმის, ხან მემარჯვენე ხან მემარცხენე და სხვა ათასგვარი სახით. ეს მახასიათებელი გარკვეულწილად მისი სიძლიერეც არის. იგი მარტივად ადაპტირებადია, საკუთარ თავში ითავსებს წინააღმდეგობებს.

მაგალითად, რას იტყოდით საქართველოს ხელისუფლებაზემემარჯვენეა ის თუ მემარცხენე? ლიბერალია თუ კონსერვატორი? პრო-დასავლელია თუ პრო-რუსი? მას ერთნაირი წარმატებით შეუძლია მიიღოს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ამავდროულად კონსტიტუციით დაიცვას ქორწინებისღირსებაქალსა და მამაკაცს შორის. მას შეუძლია მოიწვიოს გავრილოვი მართლმადიდებლურ ფორუმზე და ჩაატაროს ნატოს წვრთნები საქართველოში. პოპულისტურ ძალას ერთადერთი რეტორიკული დავალება და ტაქტიკური არჩევანი აქვსწარმოადგინოს საკითხი მაქსიმალურად ტრივიალურად, გამარტივებულად, მოაშოროს ყველა ის ცვლადი და ობიექტური გარემოება, რომელიც საკითხს კომპლექსურ ბუნებას ანიჭებს, თავად მას კი გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს. ახსნა უნდა იყოს რაც შეიძლება პრიმიტიულიმაგალითად, რომ ცარიელი კონვერტები ოპოზიციის დავალებით ჩაყარეს საარჩევნო ურნებში, რომ ვირუსი გაავრცელა ოპოზიციის აქციებმა, რომ ბანკის მძარცველი კი არ გაექცათ, არამედგაუშვეს იმ კონკრეტულ მომენტში’. ეს ყოველივე პოპულისტურ ძალას მოქნილობას ანიჭებს. იგი არ განასახიერებს არც ერთ იდეას, იდეოლოგიას; არ უწევს პრინციპული პოზიციების, რეფორმებისა თუ პოლიტიკის დაცვა. მაგალითისთვის თუ შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ ქართული ოცნების ხედვა ეკონომიკურ პოლიტიკაზე? საგარეო პოლიტიკაზე? როგორი საზოგადოების ჩამოყალიბებას ცდილობენ? საერთოდ რა არის მათი წარმოდგენა, როგორი ქვეყანა უნდა იყოს საქართველო? ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკურ ძალა უნდა იყოს, რაც შეიძლება უსახური, რომ საჭიროებისამებრ მოირგოს ნებისმიერი სახე. ხოლო საჭიროება ერთადერთიაძალაუფლების შენარჩუნება. შესაბამისად, იგი არც წარმოადგენს და არც უპირისპირდება არც ერთ იდეურ ჯგუფს. ის წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდხალხს”.

"ხალხი"

არალიბერალური დემოკრატიაშიხალხისიდეა მნიშვნელოვანი საყრდენია პოპულისტური რიტორიკისათვის. დასაწყისში უკვე ვახსენე, რომ არალიბერალური რეჟიმები დემოკრატიული თამაშის წესების იმიტირებას ცდილობენ, ამიტომხალხისკონცეფცია შეგვიძლია აღვიქვათ როგორც დემოკრატიულიდემოსისსუროგატი. ამ შემთხვევაში პოპულისტური ნარატივი კონსტრუირებსხალხს”, რომელიც არის სუვერენიტეტის განსხეულება და ძალაუფლების წყარო მმართველისათვის, რადგან ის სწორედ ხალხს წარმოადგენს, ხალხის სახელით ლაპარაკობს. თუმცა ძირითადად ეს კონცეფცია ემყარება მხოლოდ პროეცირებულ წარმოდგენას ხალხზე, რომელიც როგორც წესი, არის სტერეოტიპული, პრიმიტიული და ეფუძნება პოპულარულ ტრადიციულ თუ კულტურულ სენტიმენტებს. “უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ქართველ კაცს არ მოუწიოს, აჩეხოს ვაზი”… განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა წინასაარჩევნო ყრილობაზე. ერთი შეხედვით, თითქოს უცნაურია, 2020 წელს გლობალური ეკონომიკის, ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც საქართველოშიც კი ქართველ გოგოებს ლედ განათებებზე დახურულ შენობებში ეკომეგობრული ბოსტნეული მოჰყავთ (spacefarms), რატომ შეიძლება მთავარ საარჩევნო ამოცანად დასახო, რომ ქართველმა კაცმა არ გააკეთოს ის, რაც არ გაუკეთებია 8000 წელია?! თუმცა ეს ფრაზა ბუნებრივად გამოხატავს ნარატივსქართველი კაცისტრადიციულ გაგებაზე, რომელსაც ებრძვის წინა ხელისუფლების მოდერნიზაციის იდეა, ებრძვის ლიბერალიზმი და ლიბერალური ელიტები, მაგრამ ის ჯიუტად უვლის ვაზს, ხოლოქართული ოცნებამის დასაცავად არსებობს. მას წარმოადგენს, არ სურს მისი გადაკეთება და ესმის მისი, ესმისქართული, ჯიგრული პონტი.”

ხალხი VS ელიტა

ამ ნარატივის მიხედვით, ქართველი ხალხის არ ესმის, სწორედ, ელიტას; ლიბერალ ინტელექტუალებს, თანამედროვე ახალგაზრდებს, რომლებიც მათ გადაკეთებას, მათთვის ღირებულ ტრადიციებთან ბრძოლას ცდილობენ. ელიტების და უბრალო ხალხის დაპირისპირება პოპულიზმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ელემენტია. ამ დაპირისპირებაში მმართველი პარტია რა თქმა უნდა უბრალო ხალხის მხარეს არის და შეუძლია ასე ჩანჩალით, მტკივნეული რეფორმების თავსმოხვევის გარეშე იაროს მასთან ერთად სიღარიბეში, ჩამორჩენილობაში თუმცაღირსებაშენარჩუნებულმა’. და მართლაც, სად გვეჩქარება?!

მოსახლეობამ არ იცის განსხვავება საარჩევნო სისტემებს შორის, შეიძლება არც უნდა იცოდესგანაცხადა ქალაქის მერმა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხზე და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომუბრალო ხალხსარ ადარდებს ის, რაც ადარდებს ელიტასლიბერალურ-დემოკრატიული ინსტიტუტები. ამ დაშვებით კი იხსნება გზა, რომ მოიშორო ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც პოტენციურად ძალაუფლების შეზღუდვის საფრთხეს ქმნისსასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, არჩევითი პრეზიდენტიიქ სადაც პოლიტიკური ძალაუფლებანამდვილ ხალხსწარმოადგენს ეს კონსტიტუციური ფუნქციები სრულდება ხალხის მიერ ხელისუფლების ხელით. ხალხი უზენაესი მსაჯულია და მან სასამართლოს გარეშეც კარგად იცის ვინ არის დამნაშავე.

პოლარიზაცია

ამ კონსტრუქციისათვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხი, რომელიც სუვერენიტეტს განასხეულებს მხოლოდ ერთია. ქართული ოცნების საარჩევნო რგოლიც ნათლად გვიცხადებდა   "ჩემი საქართველო აქ არის" და მიგვანიშნებდა, რომ სხვა საქართველო არ შეიძლება არსებობდეს   ის არ იმსახურებს აღიარებას. ჩვენ კი, ვინც ვიდეო რგოლში საკუთარ თავს ან ჩვენს საქართველოს ვერ ვპოულობთ, ვუყურებთ მომღიმარ, ჯანმრთელ, მოწესრიგებულ ქართველებს, საკუთარ მეურნეობაში დასაქმებულ ასაკში შესულ სოფლის მაცხოვრებლებს, რომლებსაც ყველა კბილი ადგილზე აქვთ და ვფიქრობთ   ნამდვილები არიან? ვიდეორგოლის ქვეშ ვკითხულობთ მადლობისა და ქების წერილებს. პრემიერმინისტრზე შეყვარებული ქალების კომენტარებს და კვლავ ვფიქრობთ ნამდვილები არიან? თუ ბოტები ან ტროლები არიან? აქ კი პასუხად შეიძლება გაგვახსენდეს ქვეყნის მმართველის მომღერალი შვილის სიმღერის პოლიტიკური ტექსტი -"ნამდვილები ერთად ვართო" და ნათელი ხდება, რომ ჩვენ თავად არ ვართ "ნამდვილი ხალხი".

არჩევნების ღამეს ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა, რომ არსებობს ორი საქართველო, ორი რეალობა, პარალელური სამყაროები საკუთარი ტელევიზიებით, საკუთარი ეგზიტპოლებით, საკუთარი გამარჯვებით. ეს პოლარიზაცია საქართველოს ხელისუფლებამ წლების მანძილზე გააღრმავა, როდესაც თქვა, რომ არ არსებობს სხვა ხალხი გარდა იმ ნამდვილი ხალხისა, რომელიც მას უჭერს მხარს; რომ ყველა ვისაც ოპოზიციური განწყობა აქვს წინა ხელისუფლებასთან შეკრული, ანგაჟირებული ან დაინტერესებულია. შესაბამისად, არც არის საჭირო ამ ხალხთან საუბარი, კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ნამდვილ ხალხს ისედაც ესაუბრება პარტია საკუთარი საინფორმაციო არხების საშუალებით. ისინი ხშირად იმეორებენ რომ მათთვის, როგორც პოლიტიკური ძალისთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, თუმცა აქ მთავარი ინტრიგა სწორედ იმაშია, ვინ იმსახურებს ადამიანის სტატუსს. არა-მძევალი, რომელსაც მესამე პრეზიდენტთან გადაღებული ფოტო აღმოაჩნდა; არა-ზუგდიდის სკოლის დირექტორი, რომელმაც წინასაარჩევნოდ პარტიის სასარგებლოდ მუშაობა არ მოინდომა, არა-საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომელთა გასამართლებაც პარტიულ დღის წესრიგს დასჭირდა. ყველა ეს ადამიანი დეჰუმანიზებულია პარტიისათვის და მათ შეიძლება მოექცე არაადამიანურად, ხოლო არც-ერთი ლიბერალური ინსტიტუტი, რომელიც მათ დაიცავს ადგილზე არ არის, რადგან როგორც გახსოვთ, ‘ხალხსინსტიტუტები არ აინტერესებს.

არჩევნები - ისტორიის დასასრული

არალიბერალურ სისტემებში არჩევნებს ჯანსაღი კონკურენციის შედეგად ხელისუფლების შეცვლის ფუნქცია არ აქვს. არჩევნების შედეგები ემსახურება მაჟორიტარიანული ლეგიტიმაციის დადასტურებას და განმტკიცებას. თავად შედეგებზე მანიპულირება, ჩვენნაირ საზოგადოებებში, რა თქმა უნდა, ძალიან ადვილია. უმრავლესობის ნების ოპერაციონალიზაციამ უნდა იმუშავოს კანონის უზენაესობასა და სხვა კონსტიტუციურ ღირებულებებზე შეტევის გამართლებად. ამ პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ის, რაც ძალიან ცხადია ხანგრძლივი ლიბერალური დემოკრატიის ტრადიციებში. დემოკრატია არ არის უმრავლესობის მმართველობა, პრიმიტიული გაგებით. დემოკრატიაში ყველაზე მნიშვნელოვან ლიბერალურ ინსტიტუტს, წარმოადგენს პოლიტიკური უმცირესობა იგივე ოპოზიცია. ამიტომაც არის ის წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმცირესობის სახით. ამ მნიშვნელობას მმართველი პარტია არ აღიარებს დიდი ხანია რამდენადაც არ აღიარებს ამომრჩეველს, რომელიც ამ ოპოზიციის უკან დგას. ახლანდელი ერთპარტიული პარლამენტი ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რომელიც წლებია საქართველოში არსებობსარაღიარებული, არწარმოდგენილი, დახშული ხმების სახით.

მიუხედავად იმისა, რომ სრულფასოვანი საპარლამენტო სისტემა არც არასოდეს არსებულა, ამ პირობებში შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე მაინც, პარლამენტარიზმი საქართველოში დასრულებულია. ეს ინსტიტუტი იქცა უბრალოდ ხმის მიმცემ მანქანად, ხოლო ამ მომენტისათვის წინა მოწვევის პარლამენტი შეიძლება ჩავთვალოთ უკანასკნელ პარლამენტად საქართველოში.

არსებულ სისტემას ასევე არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიასთან. ამ მოდელში ხალხი არ არის სუვერენიტეტის ნამდვილი წყარო, ის მხოლოდ საშუალებაა მმართველის ძალაუფლების გაფორმებისათვის. ეს ყველაფერი კარგად იკითხება თავად არაფორმალური მმართველის მცდელობიდან - გადამდგარიყო არაფორმალური მმართველის ‘თანამდებობიდან’, რაც თავისთავად, განწირული მცდელობაა, რამდენადაც საკუთარ თავს ვერ გაექცევი. მას სიტუაციის კონტროლის შესაძლებლობა გააჩნია არა კონკრეტული პოზიციიდან გამომდინარე, რომელსაც ის იკავებს, არამედ იმ პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე რომელიც თავად ჩამოაყალიბა და რომლის სათავეშიც უკონტროლო ძალაუფლებით მიზანმიმართულად მოექცა. ამ პოლიტიკურ მოდელში, რეალურად არც ერთ ინსტიტუტს არ აქვს დამოუკიდებელი სახალხო ლეგიტიმაცია, ხოლო ის თავად მიიჩნევს თავს სუვერენიტეტის ახლა უკვე ტრანსცედენტულ, უხილავ წყაროდ, რომელსაც არ სჭირდება საჯარო პოლიტიკაში ფიზიკური მონაწილეობა.   “ის ენდო ხალხს” - განაცხადეს ერთ-ერთ სახელისუფლებო პროპაგანდისტულ არხზე მისი ჰეროიკული ნაბიჯის განხილვისას. დემოკრატიაში, როგორც წესი, ხალხი უცხადებს ნდობას პოლიტიკოსებს, თუმცა ამ შემთხვევაში სუვერენი ენდო ხალხს, რომ ის ისედაც არ აუჯანყდება.  სინამდვილეში კი, ის ენდო იმ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ამ წლების მანძილზე ჩამოაყალიბა და რომელშიც ხალხს არ აქვს საკმარისი ინსტიტუტციონალური ბერკეტები, რათა საფრთხე შეუქმნას მის ძალაუფლებას.

ის ენდო დანიშნულ პრეზიდენტს, დანიშნულ პარლამენტს, უვადოდ დანიშნულ უღირს მოსამართლეებს, დამორჩილებულ სასამართლოს, ინსტრუმენტალიზებულ პოლიციას, პოლიტიზირებულ საჯარო მოხელეებს, მმართველი პარტიის შემომწირველ ბიზნესს, საჯარო ტენდერებში ჩაწყობით გამარჯვებულებს, ს.ს.ი.პ.-ებში დასაქმებულ უსაქმურებს, დაქირავებულ ბოტებს და ტროლებს, პოპულიზმისა და პოლარიზაციის სტრატეგიას. ყველა ეს ელემენტი სავარაუდოდ, მის ნდობას გაამართლებს, თუმცა რჩება კითხვა - გაამართლებს თუ არა მის ნდობას ხალხი?

კომენტარები